დავიდ დე ხეას შიდა ჩემპიონატში ჯილდოს მოგება შეუძლია.
კვირას გაირკვევა, თუ ვინ გახდება პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ოქროს ხელთათმანის მფლობელი.
ესპანელმა მეკარემ "ნორვიჩ სიტისთან" მე-15 "მშრალი" შეხვედრა ჩაატარა, რაც "არსენალის" მეკარე პეტრ ჩეხთან, "ლესტერის" მეკარე კასპერ შმეიხელთან და "მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტთან ერთად საუკეთესო შედეგია.
გამომდინარე იქიდან, რომ ლუი ვან გაალის გუნდს ორი მატჩი დარჩა ჩასატარები, დე ხეას ჯილდოს მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს. მის კონკურენტებს კი ერთადერთი მატჩის ჩატარებაღა დარჩათ- ჩეხი "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება, შმეიხელი "ჩელსის", ჰარტი "სუონსის".
რა თქმა უნდა, დავიდს უფრო მაღალი მაჩვენებელიც შეიძლებოდა ჰქონოდა, პრემიერ ლიგის სეზონის პირველ სამ მატჩში რომ მიეღო მონაწილეობა. მის ნაცვლად "ტოტენჰემის", "ნიუკასლისა" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ "წითლების" კარს სერხიო რომერო იცავდა, რომელმაც არცერთ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.
მიუხედავად იმისა, რომ დე ხეა სამჯერ დასახელდა "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად, მას არასდროს მოუგია ოქროს ხელთათმანი. "იუნაიტედის" მეკარე, რომელმაც ბოლოს აღნიშნული ჯილდო მიიღო, ედვინ ვან დერ სარია. ჰოლანდიელმა 2008/09 წლების სეზონში 21 "მშრალი" მატჩი ჩაატარა.
თუ ჯილდოს ჩეხი მიიღებს, ის ერთადერთი მეკარე გახდება, რომელიც ოქროს ხელთათმანს ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით მოიგებს.
წყარო:
manutd.com