"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ვესტ ჰემისთვის" "აპტონ პარკზე" უკანასკნელ შეხვედრაში განწყობის გაფუჭება არ სურს, მაგრამ მის გუნდს სამი ქულა სჭირდება.
"წითელ ეშმაკებს" დღეს "მანჩესტერ სიტის" ქულების დაკარგვით სარგებლობა და მეოთხე ადგილზე გადასვლა შეუძლიათ, რაც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების საშუალებას იძლევა.
ვან გაალის გუნდის დავალებას ართულებს ის ფაქტი, რომ "ვესტ ჰემი" ევროპის ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და "აპტონ პარკზე" უკანასკნელ შეხვედრას ატარებს.
ჰოლანდიელის თქმით, იგი პატივს სცემს ტრადიციებს და "ჩაქუჩებისთვის" ოლიმპიურ სტადიონზე გადასვლამდე საღამოს გაფუჭება არ სურს, მაგრამ მისი გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩავა ლონდონში. "დიდი პატივისცემით ვართ განწყობილნი "ვესტ ჰემისადმი" და სტადიონთან გამოთხოვებისას მათი განწყობის გაფუჭება არ გვინდა. მაგრამ სამი ქულა გვჭირდება, ეს არის მთელი განსხვავება.
მათთვის ემოციური საღამო იქნება, უკანასკნელი მატჩი "აპტონ პარკზე", გაგვიჭირდება. გუნდს მოუწევს თამაში წინააღმდეგ მეტოქისა, რომელიც ლეგენდარულ სტადიონს ემშვიდობება და წაგება ნამდვილად არ ენდომება", - განაცხადა ვან გაალმა.