ანდერ ერერა თვლის, რომ უეინ რუნი ჯერ კიდევ რჩება მსოფლიო კლასის ფეხბურთელად, მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი რეგრესს განიცდის.
"ნორვიჩ სიტისთან" მატჩში რუნი "წითელი ეშმაკების" თავდასხმის ხაზში მოგვევლინა და თავი მიმდინარე სეზონში გაკეთებული მეხუთე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
"უეინი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. ძალიან კარგი კაპიტანია და საერთოდ არ არის ეგოისტი, ასე რომ, უეინი ყოველთვის უნდა იყოს გუნდში და გასახდელში. ზოგიერთი დიდი ფეხბურთელი ხანდახან ეგოისტობას ავლენს, მაგრამ უეინი არა, და ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბასკმა.
ესპანელს მიაჩნია, რომ რუნი სისწრაფის დაკარგვას თავისი უნარებით აკომპენსირებს. "ვიცი, რომ მარკუსი და ენტონი უფრო სწრაფები არიან, მაგრამ უეინის უნარებს ვიცნობთ.
მას შეუძლია საგოლე პასის გაკეთება, ბურთის კარგად დაჭერა და ჩვენი ბურთის ფლობისას ზედმეტ ნახევარმცველად თამაში. ეს მნიშვნელოვანია, როცა ხარ ბურთის ფლობის მოყვარულ გუნდში".