კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში მნიშვნელოვანი მხოლოდ მოპოვებული გამარჯვებებია და არა თამაშის ხარისხი.
"როცა გახურებისას მოედანზე გავედით მატჩის წინ, ერთმანეთს ვუთხარით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ სამი ქულით დაბრუნება გვევალება და დარწმუნებული ვარ, "ნორვიჩმაც" იგივე თქვა. ამ ეტაპზე მხოლოდ სამ ქულას აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა ინგლისელმა.
"წითლებმა" მატჩის წინა გახურებისას ენტონი მარსიალი დაკარგეს, მატჩის მიმდინარეობისას კი მატეო დარმიანი, სმოლინგი ფიქრობს, რომ გუნდი მოულოდნელ შედეგებს კარგად გაუმკლავდა.
"ვფიქრობ, ადვილი არ არის, რადგან ენტონი შესანიშნავი იყო მთელი სეზონის განმავლობაში. ნამდვილი მატჩის მომგები. ფეხბურთელები, რომლებიც შემოვიდნენ, კარგად თამაშობდნენ და მეორე ტაიმში უკეთესი თამაში ვაჩვენეთ".
"იუნაიტედმა" შესვენების შემდეგ თამაში გააუმჯობესა და ხუან მატას გოლის წყალობით სამი ქულა მოიპოვა. სმოლინგი მოხარულია, რომ ეს შანსი მატას ერგო. "თუ გუნდიდან ერთი ან ორი ფეხბურთელის არჩევას გადაწყვეტ მომენტის გადასაჭრელად, მატა ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს, რადგან მას მხოლოდ ერთი შანსი სჭირდება და მან ის გამოიყენა".
"წითლებმა" უკვე 18 "მშრალი" მატჩი ჩაატარეს პრემიერ ლიგაში - სეზონში ჩატარებული მატჩების ნახევარი - და სმოლინგი მოხარულია, რომ ასეთი დაცვითი შედეგი აქვს. "ვფიქრობ, ჩვენ გუნდურად შესანიშნავად ვმოქმედებდით, რის დასტურიც "მშრალი" მატჩების რაოდენობაა. ვფიქრობ, ბოლო 10 წუთში ყველაფერი თანადგომაზეა დამოკიდებული, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია".
"იუნაიტედის" ფეხბურთელები სამშაბათს "ვესტ ჰემს" ეწვევიან და გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებენ.
"არსენალისა" და "სიტის" მატჩი ჩვენდა სასარგებლოდ დასრულდა, ამიტომაც წინ ორი დიდი მატჩი გვაქვს. უკვე ყველაფერი ჩვენს ხელთაა".