უეინ რუნიმ განაცხადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას მან დავიდ დე ხეას იმის გამო არ აირჩია, რომ მეკარისთვის ხმის მიცემა უჭირს.
ორშაბათს ღამით უნდა გამოვლენილიყო ფეხბურთელთა ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშე. პრიზი საბოლოოდ კრის სმოლინგს ერგო, უეინ რუნიმ კი არც სმოლინგი დაასახელა, არც დე ხეა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი კიპერი საბოლოოდ გულშემატკივართა რჩეული გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო, გუნდის კაპიტანმა ნომინანტ ფეხბურთელთა შორის დეილი ბლინდი აირჩია.
"მიჭირს მეკარისთვის ხმის მიცემა. პირადად ჩემთვის დეილი და კრისი ბრწყინვალედ თამაშობდნენ. შარშან კრისი ავირჩიე, წელს კი დეილი", - განაცხადა რუნიმ.