"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა ამბობს, რომ "ლესტერ სიტის" პრემიერ ლიგის მოგების გადადება კიდევ ერთი კვირით შეუძლია.
"ოლდ ტრაფორდს" არაერთი ტიტულოვანი გუნდი უნახავს, მაგრამ არცერთი არ იყო ისეთი მოკრძალებული, როგორიც "ლესტერ სიტია".
და სანამ "მელიები" "ოცნების თეატრზე" ტიტულის მოგებას ეცდებიან, მატას იმედი აქვს, რომ ზეიმს ერთი კვირით გადაუდებს. "მათ უდიდესი ხასიათი, პასუხისმგებლობა და სწრაფვა გამოავლინეს. ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან. მაგრამ იმედი მაქვს, "ოლდ ტრაფორდზე" არ მოხდება. ერთი კვირით კიდევ მოიცდიან", - განაცხადა ესპანელმა.
"იუნაიტედს" სამი ქულა ძალიან სჭირდება, რადგანაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, მაგრამ მატას სურს, გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოდეს.
"ფეხბურთისთვის ძალია კარგია, რომ "ლესტერი" იბრძვის ჩემპიონობისთვის, რადგანაც ეს ცოტა ჰაერის გამოცვლას ჰგავს. მაგრამ ჩემი სურვილია, ტიტულს ჩვენ ვიგებდეთ. თუმცა ამისთვის საკმარისად კარგები არ ვართ.
"ლესტერს" ოცნების ახდენა შეუძლია. სეზონის დასაწყისში შეიძლება გაგკვირვებოდათ, მაგრამ ამის შემდეგ არა, როცა ნახავთ, როგორ თამაშობენ და იცავენ თავს. ისინი გუნდურად თამაშობენ შედეგის მისაღებად".
იმის ფონზე, რომ "ლესტერი" ჩემპიონობისთვის იბრძვის, მატა თავის გუნდს საუკეთესო შედეგის მიღწევისკენ მოუწოდებს- ოთხეულში შესვლა და ინგლისის თასის მოგება. "თუ ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, სხვა გუნდებზე უფრო მეტად ვიქნებით დამოკიდებულნი. თანაც, ამ კლუბს ინგლისის თასი წლებია არ მოუგია.
თუ ტიტულს მოვიგებთ და ოთხეულში შევალთ, სეზონი ისეთი ცუდი აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. იმედი მაქვს, ამას შევძლებთ".