ლიეჟის "სტანდარდში" განათხოვრებული ვიქტორ ვალდესი "მანჩესტერ იუნაიტედს" უბრუნდება.
ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ბელგიურ გუნდს იანვარში საიჯარო შეთანხმებით შეუერთდა. ვალდესმა "სტანდარდში" გატარებულ მცირე პერიოდში ტიტულის მოგებაც მოასწრო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა კლუბის რიგებში.
ბელგიის თასის ფინალში "სტანდარდმა" "ბრიუგეს" 2-1 სძლია და ჩემპიონობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ვალდესი ბელგიას წინასწარ შეთანხმებულ დროზე ადრე დატოვებს.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პრიორიტეტი ჩვენს ბოლო მატჩებში ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოყენებაა და იქიდან გამომდინარეც, რომ სამედიცინო მიზეზების გამო ისინი ამ კვირაში გუნდში ვერ მოხვდებიან, კლუბმა გადაწყვიტა დაასრულოს ესპანელის მეკარისა და ბერძენი ნახევარმცველის იჯარა რაც შეიძლება მალე.
ლიეჟის "სტანდარდი" მადლობას უხდის ვიქტორსა და ლოანისს ყველაფრისთვის, რაც მათ კლუბისთვის გააკეთეს, განსაკუთრებით კი ბელგიის თასის მოგებისას გაწეული სამსახურისთვის და საუკეთესოს უსურვებს დარჩენილი კარიერის განმავლობაში", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
34 წლის მეკარის მოქმედი კონტრაქტი "იუნაიტედთან" მიმდინარე ზაფხულს იწურება. ვალდესმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა ლუი ვან გაალის გუნდში.