ეშლი იანგმა აღიარა, თუ ვის აქვს გასახდელ ოთახში ყველაზე გიჟური მუსიკალური გემოვნება და დასძინა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველასთვის ცნობილია, ვინ არის გასახდელი ოთახის დიჯეი.
იანგმა დიჯეის როლი პატრის ევრას წასვლის შემდეგ გადაიბარა. სანამ ფრანგი "იუვენტუსში" გადავიდოდა, გასახდელ ოთახში მყოფ ფეხბურთელთა განწყობაზე სწორედ ის ზრუნავდა, ახლა კი ამ როლს იანგი ასრულებს და როგორც თვითონ ამბობს, ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. "პატრის ევრას წასვლის შემდეგ გასახდელი ოთახის დიჯეი მე ვარ, ყოველთვის, როცა არ თამაშობდა ან ტრავმა ჰქონდა, ამ როლს მე ვკისრულობდი და საკმაოდ კარგადაც ვართმევდი თავს. ინიციატივის გადაბარების მცდელობა არ მქონდა. მე მხოლოდ ჩემს აიპოდს ვრთავდი და თითქოს "მორჩა, მე ვეუფლები" ხდებოდა", - განაცხადა იანგმა.
"იუნაიტედის" ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ ლუი ვან გაალმა დარენ ფლეთჩერს გემოვნება არ მოუწონა, როცა შოტლანდიელმა თავისი საყვარელი სიმღერები გააჟღერა.
"ბევრი ისეთი სიმღერა არსებობს, რომელსაც ყველა უსმენს. მაგრამ, როცა მწვრთნელი პირველად მოვიდა, ფლეთჩერს დაუყვირა და უთხრა: "მე არ მომწონს". ამიტომაც შევცვალეთ.
მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ ფანქი ჰაუსის ან ჰაუსის მოსმენა შემეძლო. სერიოზულად, მას ეს მოსწონს. ჩვენც სწორედ ამას ვირჩევთ".
თუმცა ინგლისელმა ასევე განაცხადა, რომ მისი და "იუნაიტედის" მეკარის, დავიდ დე ხეას გემოვნება არ ემთხვევა. "მე და დე ხეა ხშირად ვკამათობთ, მას გიჟური მუსიკალური გემოვნება აქვს.
ან საცეკვაოს ირჩევს, ან ესპანურს, ან მძიმე მეტალს, ხმამაღალ ყვირილს და ღრიალს, უბრალოდ სიგიჟეა, გულახდილად რომ გითხრათ. როცა მძიმე მეტალს რთავს, რამდენიმე ადამიანი ირგვლივ მომოიხედავს და იტყვის: "მორჩა, აქედან უნდა გავაღწიოთ".