კრის სმოლინგი ამტკიცებს, რომ ენტონი მარსიალმა მასში გადახდილი თანხა სრულად გაამართლა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" არაერთხელ გააკრტიკეს იმის გამო, რომ 19 წლის ფრანგში 36 მლნ. ფუნტი სტერლინგი დახარჯა, მაგრამ მარსიალმა დაამტკიცა, რომ ღირს იმ თანხად, რაც მასში დაიხარჯა.
ენტონის მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი გოლი და გაკეთებული საგოლე გადაცემები არაერთხელ გამხდარა გამარჯვების მომტანი. ფრანგმა სადებიუტო სეზონში 14-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება, მათგან 8 ბურთი კი პრემიერ ლიგაში გაიტანა და ამ ტურნირზე კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
"ჯერ არავინ მოსულა "ოლდ ტრაფორდზე" ისეთ პირობებში და ისეთი ზეწოლის ქვეშ, როგორშიც ის აღმოჩნდა, მაგრამ თავს შესანიშნავად ართმევს. ბევრი ისეთი ფეხბურთელი გადადიოდა "იუნაიტედში", რომელთაც დიდი პოტენციალი ჰქონდათ და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევიან დასაწყისში, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, მან ყველაფერი მშვიდად მიიღო.
ასეთი ზეწოლის ქვეშ არც ისე ბევრი ახალწვეული მოხვედრილა, მარსიალის შესახებ კი ბევრმა ჩვენგანმა არაფერი ვიცოდით, მაგრამ ყოველკვირა იზრდებოდა და ახლა ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალაა, მიმდინარე სეზონში შეუდარებელია.
თითქოს მას არაფერი აღელვებს, ეს ჩანს: როცა ბურთს იღებს, ნებისმიერის მოტყუება შეუძლია და სულერთია, ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე. ძალიან ხშირად ყველას ატყუებს და ეს გუნდისთვის ძალიან კარგია, ჩვენ კი ყოველთვის იმ ფეხბურთელისთვის გვსურს ბურთის მიწოდება, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებლად თამაშობს,- განაცხადა ინგლისელმა მცველმა.