თქვენ თვითონაც იცით, რომ დიდებული კვირა გამოდგა! ბოლო დღეებმა კლუბისთვის პოზიტიურ ნოტაზე ჩაიარა. ეს ხალხის სახეს და სავარჯიშო ბაზაზე ყოველდღიურ საქმიანობასაც ეტყობა. შაბათს "უემბლიზე" გამართულ მატჩში ინგლისის თასის ფინალში გავედით. ეს ნამდვილი დესერტი იყო აპრილში, რომელიც ჩვენთვის წარმატებული გამოდგა: ექვსი მატჩიდან ხუთი მოვიგეთ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო ორი მატჩი, რომლებმაც გულშემატკივარი გაახარა. ისინი საუკეთესოს იმსახურებენ.
გასულ კვირას "ოლდ ტრაფორდზე" "კრისტალ პალასი" დავამარცხეთ. თამაში ძალიან მომეწონა. ხანდახან მართლაც რომ კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. გულახდილად რომ ვთქვა, უბრალოდ ჩვენი მოწინააღმდეგე დავჯაბნეთ. ეს სამი ქულა დავიმსახურეთ, რომელიც ოთხეულისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრაში დაცვაში კარგად ვთამაშობდით და მოწინააღმდეგეს ბევრ შანსს არ ვაქმნევინებდით. დარმიანისთვის განსაკუთრებული მატჩი იყო. მატეო- შესანიშნავი მეგობარი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია. ამ ბიჭთან ყოველ დილით შეხვედრა სასიამოვნოა. მის გამო ყველას გვიხარია. Grande amico (იტ. დიდებული მეგობარი).
რამდენიმე დღეში, შაბათს "უემბლიზე" ინგლისის თასის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, რომელიც 21 მარტს განსაკუთრებული ატმოსფეროს თანხლებით გაიმართება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ამ სტადიონზე. შაბათს შედგა ტიპიური სათასო მატჩი, რომელიც ცენტრის გარეშე მიმდინარეობდა და საფინალო სასტვენამდე დაძაბული და სანახაობრივი იყო. დავიდი და ენტონი უნდა შევაქოთ. პირველი- პენალტის მოგერიებისთვის, მეორე- დამატებით დროში დაუჯერებელი გოლის გამო, რომელმაც დადებითი ემოციების ზღვა მოგვცა. ვფიქრობ, მთელი გუნდი იმსახურებს შექებას, ჩვენ ხომ ამ სეზონში სირთულეები გამოვიარეთ. ხუთ რაუნდში გავიმარჯვეთ ("ვესტ ჰემთან" გადათამაშების ჩათვლით). ახლა განსაკუთრებული მომენტით ტკბობა შეგვიძლია- ინგლისის თასის ფინალში მონაწილეობით. ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი უმშვენიერესი მომენტია. "უემბლიზე" გამართული მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია.
მაგრამ ინგლისის თასის ფინალი ერთ თვეში შედგება. ახლა გვესმის, რომ სეზონის ბოლომდე 5 მატჩი დაგვრჩა. 5 პირადი ფინალი, რომელთა მოგებაც გვსურს. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ. და მომდევნო კვირიდანვე უნდა დავიწყოთ, როცა "ლესტერს" დავუპირისპირდებით. ტიტულისთვის იბრძვიან და "სუონსისთან" გამარჯვების შემდეგ საკუთარი ძალების სწამთ. და ზემოთქმულის გათვალისწინებით, გაგვიჭირდება სამი ქულის აღება. წინა ურთიერთშეხვედრიდან არც ისე სასიამოვნო შეგრძნება დაგვრჩა. უნდა დავამტკიცოთ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია და გულშემატკივრები უნდა გავახაროთ. "ოლდ ტრაფორდზე" სულ რაღაც ორი მატჩის ჩატარებაღა მოგვიწევს: ამ კვირაში "ლესტერთან" და ბოლო ტურში "უოტფორდთან". მათ შორის კი სტუმრად ვეწვევით "ვესტ ჰემსა" და "ნორვიჩს". როგორც უკვე ვთქვი, რასაც რანიერის გუნდი აკეთებს, შექების ღირსია.
ახლა მინდა, მარეზს (მისი მარცხენა ფეხი რაღაც ფანტასტიკურია, სრულიად დაიმსახურა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო), დელე ალის (წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი) და იზი კრიანსენს (საუკეთესო ფეხბურთელი ქალი) მივულოცო. მათ დაუჯერებელი სეზონი ჩაატარეს.
მინდა გაცნობოთ, რომ მომდევნო ხუთშაბათს, 28 აპრილს (ჩემს დაბადების დღეზე) რაღაცას გაგიზიარებთ. სიურპრიზი გელით, რომელზეც მთელი კვირა ვმუშაობდით. ამ მომენტს მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, თქვენც. საქმის კურსში გამყოფებთ.
სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით, ხუანი.
P.S. ამ კვირაში პრინცის გარდაცვალების შესახებ გავიგეთ. კიდევ ერთმა დიდებულმა ხელოვანმა დაგვტოვა ძალიან ადრე. ის ნონკომფორმისტი იყო, ადამიანი, რომელმაც მის შემდეგ კვალი დატოვა. ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში დარჩება თავისი მუსიკის გამო.