ანდერ ერერას მიაჩნია, რომ დავიდ დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და აღნიშნავს, რომ ესპანელს განსაკუთრებული ნიჭი აქვს.
"ევერტონთან" მატჩში შეცვლაზე შემოსულმა ერერამ შეხვედრის ბოლო წუთზე ენტონი მარსიალს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
დავიდ დე ხეამ კი 11-მეტრიანი მოიგერია ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანგარიში 1-0 იყო "წითლების" სასარგებლოდ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ერერას ეჭვიც კი არ ეპარება, რომ მისი თანამემამულე მსოფლიოს წამყვან კიპერთა სიაში შედის.
"რა უნდა ვთქვა? ობიექტური არ ვარ- ის მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარეა. ინგლისში ეს ყველამ იცის, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში ფიქრობენ, რომ უკეთესი მეკარეებიც ჰყავთ, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. როცა ტიტულებს მოვიგებთ, მას უფრო აღიარებენ.
განსაკუთრებული ნიჭი აქვს. როცა ასეთი შესაძლებლობებითა და უნარებით იბადები, იღბლიანი ხარ. დანარჩენმა ადამიანებმა კი უნდა ვიშრომოთ. რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს, მისი სიმშვიდეა, ღრუბლებში არასდროს დაფრინავს. როცა ასეთ მატჩებს ატარებს, საერთოდ არ იცვლება, ამიტომაც მგონია, რომ ესპანეთსა და მსოფლიოში საუკეთესოა- ჩემი მეგობარია, ამიტომ ბედნიერი ვარ მის გამო", - განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.
თანამემამულის შექების შემდეგ ერერა გუნდის შესახებ საუბარზე გადავიდა.
"თუ მთელ სეზონს გადახედავთ, ყოველთვის გუნდურად ვიცავდით თავს. დეილი და კრის სმოლინგი ფანტასტიკურ დუეტს ქმნიან, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც ეხმარებიან. დიდებული გუნდური სულისკვეთება გვაქვს, როცა თავს ვიცავთ და როცა ბევრ შანსს ვქმნით. ენტონი, მარკუსი, ჯესი და ხუანი მატჩის შემცვლელ უნარებს ფლობენ, ასე რომ, თავდაცვისა და შანსების შექმნის კარგი შერწყმაა.
შესანიშნავ გუნდურობას ვაჩვენებთ, მაგრამ ეს ისეთ დიდ მატჩებშიც უნდა გამოვავლინოთ, როგორიც "ლესტერთან" სახლში და "ნორვიჩთან" გასვლაზე მატჩებია, რადგან ძალიან რთული შეხვედრა იქნება იქიდან გამომდინარე, რომ "ნორვიჩი" გადარჩენისთვის იბრძვის. ვფიქრობ, ამ გუნდით ოპტიმისტური განწყობის საფუძველი გვაქვს, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კავშირის გამო, რომელთა შორის მეც ვარ."