ტემი კუპერმა, ორი მცირეწლოვანი - 8 წლის ტიენი და 5 წლის ზიანი - ქალიშვილის დედამ მადლობა გადაუხადა "მანჩესტერ იუნაიტედს", რომლის თანამშრომლებმაც, მისივე თქმით, "თავის ქალიშვილებს, რომელთაც რამდენიმე თვის წინ მამა სიმსივნის გამო დაკარგეს, სახეზე ღიმილი დაუბრუნეს".
მის კუპერმა თავისი ისტორიის შესახებ, რომელიც "კრისტალ პალასთან" მატჩში მოხდა, Facebook-ის საშუალებით მოგვითხრო: "დასავლეთ ტრიბუნაზე ვისხედით, E32 შესასვლელში, E332 ბლოკში, პირდაპირ მის ბოლოში. თქვენი ერთ-ერთი შესანიშნავი სტიუარტი ჩვენთან მოვიდა და მოკრძალებით გვთხოვა მოედნის სიახლოვეს დაჯდომა, რათა გოგონებს თამაშზე უკეთესად ეყურებინათ. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ!
მერე გოგონებს მოშივდათ, მაგრამ ვუთხარი, რომ შესვენებამდე მოეცადათ, რადგანაც მთელი ბრბო იქ იყო. ხოლო როცა ჩავედით რამის საყიდლად, ყველაფერი დაკეტილი იყო, რის გამოც უმცროსმა იქვე მორთო ტირილი. როცა ჩვენს ადგილს დავუბრუნდით, ერთ-ერთი სტიუარტი მოვიდა და გვკითხა, რა ხდებაო, ხოლო, როცა ავუხსენი, უკანვე ჩაგვიყვანა, რათა ცოტა საჭმელი გვეყიდა. მაგრამ იქვე გაირკვა, რომ მხოლოდ პლასტიკური ბარათები მქონდა თან წამოღებული, იქ კი ნაღდ ფულს იღებდნენ და ამ კეთილმა და საყვარელმა სტიუარტმა თავისი საფულიდან გადაიხადა, რომ ზიანისთვის რამე ეყიდა!
არასდროს დამავიწყდება სიკეთე, რომელიც ამ შესანიშნავმა ადამიანმა ჩაიდინა და იმედი მაქვს, მასვე დაუბრუნდება. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ცოტა ხნის წინ, უფრო ზუსტად, 23 დეკემბერს, გოგონებმა მამა დაკარგეს, მე კი ქმარი, რომელიც მხოლოდ 28 წლის იყო, როცა სიმსივნემ ბოლო მოუღო. ზემოხსენებულმა შესანიშნავმა სტიუარტებმა ჩვენს სახეს ღიმილი დაუბრუნეს და ამას არასდროს დავივიწყებთ. გმადლობთ!!!"
გოგონების მამა, ტომი ბავშვობიდანვე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი იყო და როცა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, უკანასკნელ სურვილთა სიაში საყვარელ გუნდთან შეხვედრა შეიტანა. ტომმა და მისმა ოჯახმა კარინგტონის სავარჯიშო ბაზაზე მიწვევა მიიღეს, სადაც ეშლი იანგს, ბასტიან შვაინშტაიგერსა და მაიკლ კერიკს შეხვდნენ და ყველა ფეხბურთელის მიერ ხელმოწერილი მაისურები მიიღეს.