მაიკლ კერიკი ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თავს ფენომენალურად გრძნობს.
ენტონი მარსიალის მიერ 93-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი - რომელიც შეხვედრის მესამე გოლი გამოდგა - ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" ფინალში გავიდა, სადაც თავისი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა "უოტფორდსა" და "კრისტალ პალასს" შორის შეხვედრაში. "არ მახსოვს, ბოლოს როდის ვგრძნობდი თავს ასე- ეს ფენომენალური შეგრძნებაა. ოდნავ გიჟური თამაში იყო; პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით და უფრო მეტი გოლით უნდა დავწინაურებულიყავით. ვიცი, რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ვდომინირებდით.
მეორე ტაიმში საბრძოლველად გამოვიდნენ, მათ ყველაფერი გაწირეს, ხანდახან კედელთან ზურგით შეჯახებას ჰგავდა. გიჟური სათასო ბრძოლა იყო, მაგრამ ფეხბურთელებისთვის, სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრებისთვის ასეთი გამარჯვება დაუჯერებელი შეგრძებაა. მოხარული ვარ, რომ ასეთი რამ მივეცით.
პირველ ტაიმში ვდომინირებდით, მეორეში კი მათთან საბრძოლველად მოვემზადეთ. ეს ინგლისის თასია: ნახევარფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვიცოდით, უბრალოდ უნდა მოგვეთმინა და თამაშში დავრჩენილიყავით, მაგრამ როგორც კი გაიტანეს, თავი ხელში ავიყვანეთ და ისევ უკეთესად ვითამაშეთ.
სულერთია, თუმცა: ჩვენ მოვედით, მოვიგეთ და ალბათ, საუკეთესო სტილში, რაც ბოლო წუთზე გატანილი გოლით არის განპირობებული. სახლში აბსოლუტურად მოხარულები ვბრუნდებით, მაგრამ ეიფორიაში არ ვართ- ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს წინ, ფინალში. სახლში ჩავალთ და ამაზე ვიფიქრებთ.
ინგლისის თასის მოგება გასაოცარი იქნება, მაგრამ ღრუბლებში ფრენა არ მინდა. ფინალში მანამდეც ვყოფილვართ, მაგრამ ვერ მოგვიგია, ასე რომ, მომდევნო მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს. დღევანდელი საღამოთი დავტკბებით; ეს დიდებული შედეგი და შეგრძნებაა".
კერიკმა 20 წლის ფეხბურთელი, გამარჯვების გოლის ავტორი ენტონი მარსიალიც შეაქო.
"როგორც კი საჯარიმოში შევიდა, ვიცოდი, რომ გაიტანდა- უბრალოდ სხვა რამ ვერ მოხდებოდა. გავიწყდება, რომ ახალგაზდაა; ვფიქრობ, დღეს ბრწყინვალე იყო და მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ეს გოლი დავიმსახურეთ და დარწმუნებული ვარ, მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს წინ!"