ხუან მატა, რომელსაც "ჩელსის" რიგებში ინგლისის თასი უკვე მოგებული აქვს, შედეგის გამეორების მოლოდინშია, თუმცა ამჯერად უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით.
ესპანელი ნახევარმცველი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ "ვესტ ჰემის" დამარცხების შემდეგ მის გუნდს მორიგი რთული ტესტის გავლა მოუწევს 21 მაისს ფინალში მოსახვედრად.
"ბოლოს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ეს ტიტული აღმართა, 2004 წელი იყო, ასე რომ, დროა ისევ გავაკეთოთ.
კიდევ ერთ რთულ მეტოქეს, "ევერტონს" შევხვდებით. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალს ისინიც მოუთმენლად ელიან.
რთული იქნება, მაგრამ გასახდელ ოთახში ყველა გრძნობს, რომ კლუბს უკვე რამდენიმე წელია ტიტული არ მოუგია და ჩვენ სწორედ ამის გაკეთება გვინდა", - განაცხადა მატამ.
მატა შესანიშნავ სეზონს ატარებდა 2011/12 წლებში, როცა მისმა "ჩელსიმ" "ლივერპული" 2-1 დაამარცხა და მსოფლიოს ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელი გახდა. მატა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"როგორც კი ინგლისში ჩამოხვალ, აცნობიერებ, რამდენად განსაკუთრებული ტურნირია. ქვეყნის უძველესი ტურნირია და ყოველთვის ბევრი ადამიანი უყურებს, რაც მას უფრო განსაკუთრებულს ხდის".
და მიუხედავად იმისა, რომ მატა ტურნირის გამარჯვებული უკვე არის, ხელმეორედ მოგება ძლიერ სურს.
"ვფიქრობ, უბრალოდ შეუძლებელია გამარჯვებისგან დაიღალო. ჩემს კარიერაში ძალიან გამიმართლა, რომ დასაწყისში ბევრი ტიტული მოვიგე. იმედი მაქვს, აქაც აღვმართავ თასს. და მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სეზონი პირველი ასეთი იქნება".