ჯესი ლინგარდი აღნიშნავს, რომ მას და მის თანაგუნდელ ახალგაზრდებს არაფერი აშინებთ, რაც, მისი აზრით, მიმდინარე სეზონში "იუნაიტედს" ძალიან დაეხმარა და ასე იქნება "უემბლიზე" გასამართ მატჩშიც.
23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 30-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, ხოლო მარკუს რეშფორდმა, ტიმოთი ფოსუ-მენსამ და სხვებმა თავიანთი შანსები შესანიშნავად გამოიყენეს. რეშფორდი, კერძოდ, ყველაზე მეტად საყურადღებო ფეხბურთელად იქცა 13 მატჩში გატანილი 7 გოლით, რომელთა შორის არის "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" კარის დალაშქრვა ჩემპიონატში, ხოლო "ვესტ ჰემთან" გოლი ინგლისის თასის მატჩში.
ლინგარდი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მატჩს ზეწოლისა და შიშის გარეშე ხვდებიან. ინგლისის თასის ფინალში გასასვლელად "იუნაიტედს" "ევერტონის" დამარცხება მოუწევს, ლინგარდი კი ამბობს, რომ ფეხბურთელები გულშემატკივართათვის სამახსოვრო დღის მოსაწყობად მზად არიან.
"დიდი მატჩია. მთელი კვირა ამას ველოდით და თავდაჯერებულობით სავსე ვართ. ჩვენ, ახალგაზრდები ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ვთამაშობთ, ეს მეგობრებთან ერთად თამაშს ჰგავს. უშიშრები გვყავს, მაგრამ კარგია ასაკოვანი, გამოცდილი ფეხბურთელების ყოლაც, როგორებიც უაზა და კარასი არიან, რომლებიც მატჩში დაგვეხმარებიან, თუ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც შენ გინდა. ჩემთვის, მარკუსისთვის, ტიმისთვის, ეს პარკში ბურთის გორაობას ჰგავს, თუმცა გამარჯვების მოტივაცია მაინც გვაქვს.
"უემბლიზე" პირველად ვითამაშებ, რაც ჩემთვის უდიდესი მოვლენაა. ჩვენთან ერთად 30000-ზე მეტი გულშემატკივარი იქნება და ჩვენი ოჯახებიცა და მეგობრებიც იქვე იქნებიან, ასე რომ, დიდი მოვლენაა და იმედი მაქვს, გამარჯვებულები გამოვალთ".
ლინგარდი მოხარულია, რომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" პირველ გუნდში გამოჩნდა, რაზეც ბავშვობიდანვე ოცნებობდა და როგორც თვითონ ამბობს, "უემბლიზე" თამაში "ნამცხვარზე მოყრილ პუდრს" ჰგავს. "ცოტა სიგიჟეა, როცა ამაზე ფიქრობ. აკადემიაში აღზრდა და ფიქრი და ოცნება იმაზე, რომ პირველ გუნდში ყოველ კვირაში ითამაშებ, რასაც ახლა ვახერხებ, წარმოუდგენელია. იწყებ პატარით და შრომობ დიდის მისაღებად. მე უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელო.
"უემბლი" ნამცხვარზე მოყრილი პუდრია. თუ იქ მოვიგებთ, ფინალში გავალთ, რაც ჩვენი მიზანია".