მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზებას განიხილავდა.
30 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენდა. "რეალი" დავიდ დე ხეას შეძენას აპირებდა, "იუნაიტედი" კი სანაცვლოდ რამოსს ითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ რამოსისა და "რეალის" ურთიერთობა გასულ სეზონში სათუო გახდა, ესპანელმა მცველმა მადრიდულ გრანდთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა და კლუბის კაპიტანმა "რეალისადმი" ლოიალურობა კვლავ დაამტკიცა.
"იუნაიტედისგან" შეთავაზება მქონდა. გარკვეული ხნის განმავლობაში გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ "რეალი" ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო და აქ ეკონომიკური მიზეზი არაფერ შუაშია.
ვგრძნობდი თუ არა თავს "რეალისგან" შეურაცხყოფილად? არა, მაგრამ გარკვეულ პერიოდში იმედგაცრუებული ვიყავი. იყო რაღაც პრობლემები, რომელთაც ბოლო მოეღო.
"ჩელსის" ინტერესზე არაფერი მსმენია. ბევრი რამ ითქვა.
დიდი კლუბების ყურადღების მიპყრობა ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ შენ კარგად მოქმედებ, მაგრამ გულშემატკივარს და ჩემს კლუბს მე ვჭირდებოდი", - განაცხადა რამოსმა.