ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე გასულ სეზონში.
ჰოლანდიელი მწვრთნელის გუნდი "ევერტონთან" ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელიც "უემბლიზე" შედგება. 2011 წლის შემდეგ "წითელი ეშმაკები" პირველად ითამაშებენ ინგლისის თასის ნახევარფინალში.
"უფრო შორს გავედით, ვიდრე შარშან. ვიყავით მეოთხედფინალში, ახლა ვართ ნახევარფინალში. მე კი მჯერა, ეს ნიშნავს, რომ წელს უკეთესები ვართ შარშანდელთან შედარებით.
წინა პრესკონფერენციებზე ვთქვი, რომ ჩემი განსასჯელი არ არის მატჩის მნიშვნელობა, ასე რომ, მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. ინგლისის თასის ნახევარფინალში ვართ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძვით და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი", - განაცხადა ვან გაალმა.
ჰოლანდიელმა უარი განაცხადა რობერტო მარტინესის გუნდში ჯონ სტოუნსისა და როს ბარკლის, პროგრესის შესახებ საუბარზე.
"ინდივიდუალურად ვერავისზე ვილაპარაკებ, მით უმეტეს, სხვა კლუბის ფეხბურთელებზე, რადგან ჩათვლიან, რომ მათით ვინტერესდებით. ეს კი არც "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაა" კარგი, არც "ევერტონისთვის".
სამაგიეროდ, ვან გაალმა შეაქო რობერტო მარტინესი, "კანფეტების" მთავარი მწვრთნელი.
"რასაც ის აკეთებს, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ კარგი მწვრთნელია, რადგანაც მეც მჯერა ახალგაზრდა ფეხბურთელების. ისინი ჯგუფში ყოველთვის სტიმულს წარმოადგენენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მიმაჩნია, რომ გუნდში ასაკოვანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ერთმანეთს უნდა შეერწყას."