ლუი ვან გაალის გუნდს "ევერტონთან" მატჩის წინ ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს. ლაზარეთში მხოლოდ სამი ფეხბურთელი რჩება.
ლუკ შოუ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშობს და პროგრესირებს, სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. ადნან იანუზაის პირველ გუნდში დაბრუნებამდე ფორმაში ჩადგომა სჭირდება, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.
კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას ვან გაალმა განაცხადა: "თითქმის მთელი გუნდი ფორმაშია. მხოლოდ შოუ და შვაინშტაიგერი ვერ შეძლებენ თამაშს, შეიძლება იანუზაიც, რადგან ჯერ მეორე გუნდში არ უთამაშია. თუმცა ჯანმრთელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მთელი გუნდი გვყავს".
უეინ რუნიმ "არწივებთან" მატჩში ნახევარდაცვაში ითამაშა და 78-ე წუთზე შეცვლის შედეგად მოედანი გულშემატკივართა ოვაციების ფონზე დატოვა, უახლოეს შეხვედრაში კი თავისი ბავშვობის საყვარელი გუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
როცა რუნის კარგი თამაშის მნიშვნელობის შესახებ ჰკითხეს, ვან გაალმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ეს ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია. არა მარტო უეინისთვის. მედია და ახლა თქვენც უეინზე საუბრობთ, მაგრამ ჩვენ გუნდში 27 ფეხბურთელი გვყავს და მე ყველას გამო ბედნიერი ვარ".
სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას რამდენიმე ფეხბურთელს მოედნის მიღმა დარჩენა მოუწევს, რასაც ვან გაალი შესანიშნავად აცნობიერებს: "ყველა ფეხბურთელს სურს ნახევარფინალში თამაში. მე კი 18 ფეხბურთელი უნდა ავირჩიო, არადა, 24 ჯანმრთელი მოთამაშე მყავს, ამიტომ ექვსს იმედი უნდა გავუცრუო და მწვრთნელს ეს სულაც არ სიამოვნებს".