Manchester Evening News თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონური აბონიმენტის გახანგრძლივების ბოლო ვადა ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით გადადო.
კლუბმა სეზონური აბონიმენტების მფლობელებს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რომელშიც ატყობინებს, რომ გახანგრძლივების ბოლო დღე 20 მაისიდან 1 ივნისამდე გადაიდო და მიუთითა, რომ ეს გადავადება გამოწვეულია ინგლისის თასის ფინალში კლუბის შესაძლო მონაწილეობით. ფინალი კი 21 მაისს შედგება.
თუმცა M.E.N იტყობინება, რომ გადავადება გამოწვეულია გულშემატკივართა პროტესტით- აბონიმენტების მფლობელები მოქმედების ვადის გახანგრძლივებას არ აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალი დარჩება.
უკვე ცხადია, რომ ჰოლანდიელი სრულად ამოწურავს მიმდინარე სეზონს და გახანგრძლივების ძველი ვადის შემთხვევაში ვან გაალის პოლიტიკის უარმყოფელი გულშემატკივარი ბოიკოტის გამოცხადებას ვერ მოასწრებდა.
გადავადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გულშემატკივარი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
- "ბილეთის განყოფილებიდან დამირეკეს, ავუხსენი, რომ აბონიმენტს არ გავახანგრძლივებ, სანამ ვან გაალი თავის თანამდებობაზე რჩება. არა მგონია, მე ერთადერთი ვიყო, ვინც ამას გააკეთებს".
- "არავითარი შანსი იმისა, რომ სეზონურ აბონიმენტზე მორიგ 1500 ფუნტს დავხარჯავ, არ არსებობს! კლუბი ჩემგან ერთ პენსაც კი ვერ მიიღებს, სანამ ვან გაალი იქ არის".
სხვათა შორის, "იუნაიტედის" ზოგიერთმა გულშემატკივარმა პროტესტის ამ ფორმას მხარი არ დაუჭირა.
აბონიმენტზე მოთხოვნა მის რაოდენობას აჭარბებს და ბევრი გულშემატკივარი წლების განმავლობაში იცდის "ოლდ ტრაფორდზე" ყველა მატჩზე დასწრების უფლების მოსაპოვებლად.