ლუი ვან გაალი შიშობს, რომ "ვესტ ჰემის" ფორვარდს, ენდი კეროლს "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვისთვის ინგლისის თასის მეოთხედფინალში ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა "ტოტენჰემთან" მატჩში ტობი ალდერვეირელდის მიერ გატანილი გოლი "იუნაიტედის" დაცვის კომუნიკაციის ნაკლებობას დააბრალა, მისმა გუნდმა კი მიმდინარე სეზონში ჩრდილოეთ ლონდონში მეორედ განიცადა გამანადგურებელი მარცხი ანგარიშით 3-0.
"წითლებმა" სამივე გოლი მეორე ტაიმის ექვსწუთიან მონაკვეთში გაუშვეს. ვან გაალი კი უფრთხის კეროლს, რომელმაც იმავე რაოდენობის გოლი "არსენალთან" რვა წუთში გაიტანა.
"ენდი კეროლის შოუ ვნახე", განაცხადა ვან გაალმა "უაით ჰარტ ლეინის" პრეს-ოთახში. "და დღეს ჩვენი პრობლემა ცენტრალური მცველების კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.
იმედი მაქვს, ჩვენ კომუნიკაციას გავაუმჯობესებთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ტიტულის მოსაგებად უკანასკნელი შანსი გვაქვს, რაც ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელისა და გულშემატკივართათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ვესტ ჰემთან" შედარებით, ძალების აღსადგენად ერთი დღით ნაკლები გვაქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მაგრამ "არსენალისა" და "სიტის" წინააღმდეგ დავამტკიცეთ, რომ მიუხედავად ნაკლები დღეებისა, მათი დამარცხება შევძელით. ამიტომაც მაქვს იმედი, რომ ძალებს კარგად აღვიდგენთ, თუმცა კი ყველამ იცის, რომ ეს უკანასკნელი შანსია".
ვან გაალი ფიქრობს, რომ კეროლი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც "იუნაიტედმა" ყურადღება უნდა გაამახვილოს.
"მას განსაკუთრებული უნარები აქვს, რაც თამაშში დაამტკიცა. "არსენალის" წინააღმდეგ იყო, რომელსაც დიდებული ცენტრალური მცველები ჰყავს, ასე რომ, არა მარტო ენდი კეროლს, არამედ სხვა ფეხბურთელებსაც უნდა გავუმკლავდეთ. მათ ჰყავთ ასეთი მოთამაშე, რომელსაც პაიე ჰქვია. ასევე ლანცინი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლია.
დღეს ჰარი კეინს უნდა გავმკლავებოდით, მაგრამ ასევე ლამელასა და ერიქსენსაც, ასეთი დონის ფეხბურთელებთან გამკლავება კი ყოველთვის რთულია.
"დეზებთან" განცდილმა მარცხმა ლუი ვან გაალი და მისი ფეხბურთელები კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა და თუ "აპტონ პარკზე" "ვესტ ჰემის" დამარცხებას ვერ შეძლებენ, ეს მდგომარეობა უფრო დამძიმდება.
"ამ ზეწოლას უნდა გავუმკლავდეთ. ისინი ყოველთვის ახერხებდნენ და იციან, რომ თასზე ყოველი მატჩი მოსაგებია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურნირს გამოეთიშები.
იგივე პრობლემა "ვესტ ჰემსაც" აქვს, ამიტომ ზეწოლა როლს არ თამაშობს".