თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4226,
კომენტარები: 9
ბოსი რჩება
თავი XIV
ბოსი რჩება
გავიგე, ამბობენ, მატჩის დაწყების შემდეგ მწვრთნელი ვეღარაფერს გააწყობსო. ეს არის აბსოლუტური სისულელე. თუ ვინმე ამას ამბობს, ჩანს, არასდროს ჰყოლია კარგი მწვრთნელი.

ჩვენი მწვრთნელი ნებისმიერ მატჩში უდიდეს გავლენას ახდენს გუნდზე. ყოველთვის გრძნობ, რომ ის თავში გიზის. ხან შუბლში, ხან კეფაში და შენს თავს ეუბნები: "ღმერთო, შესვენებაზე პირისპირ შევხვდები. ჯობია მოვუმატო, თორემ სკალპს ამაძრობს".

სწორად გამიგეთ, გუნდი მუდმივ შიშში არ ცოცხლობს. ძირითადად შენს თამაშზე ხარ კონცენტრირებული. მაგრამ ამავდროულად იცი, რომ მის ხელში მხოლოდ მარიონეტი ხარ. ყველაფერი მის კონტროლქვეშაა. ის ქმნის ან ანგრევს შენს კარიერას. ის წყვეტს, იქნება ეს შესანიშნავი შაბათ საღამო საფირმო "ყოჩაღ, შვილოთი", თუ უძილო უქმეები. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, შეჭამ ვახშმად საყვარელ ჩინურ საჭმელს შენს ოჯახთან ერთად ღვინის სმით, მატჩის შემდეგ, თუ სრულ მარტოობაში იჯდები. შენს ბედს ის მართავს.

მოედნის კიდესთან მწვრთნელი უძლურია? "იუნაიტედის" ფეხბურთელისგან, რომელიც გაცოფებულ თავის მწვრთნელს მოედნის კიდესთან ხედავს, ამას ვერასდროს გაიგონებ. მას თვალის კუთხით ხედავ, იცი, რომ მოგმართავს და ყურადღების სხვა რამეზე გადატანით ცდილობ დაამტკიცო, რომ მას ვერ ხედავ.

ხანდახან ფარისევლობ, რომ მას ვერ ხედავ (გიგზი ამ ხელოვნებას ბოლო წლებში შესანიშნავად დაეუფლა), ხანდახან შენს თანაგუნდელთან უაზრო საუბარს იწყებ რომ შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს დაკავებული ხარ. მაგრამ იცი, რომ ამაზე არ წამოეგება. იცი, რომ შენი დრო ან შესვენების შემდეგ მოვა, ან მატჩის შემდგომ თუ აქედან დროულად არ წახვალ. ეს შენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ნებისმიერ აცილებას ნანობ და გაორკეცებული ძალით შრომობ, რომ ყველაფერი გამოასწორო. გესმის, რომ სამწვრთნელო ნიჭია, როცა ფეხბურთელი მუდამ გრძნობს მის ყოფნას.

ყოველთვის შენს სიახლოვეს იმყოფება. ვარჯიშებზე არასდროს იღებს ხელმძღვანელობას. ჩემი კარიერის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმეჯერ ჩაერია ვარჯიშის პროცესში. ყოველთვის მკაცრი მენეჯერი იყო, მაგრამ არა მწვრთნელი. მაგრამ როგორღაც არაფერი გამოეპარებოდა ხოლმე. უცებ ჩნდება, მოედნის კიდესთან აქეთ-იქით დააბიჯებს, მწვრთნელებს ელაპარაკება ან ტელეფონით რეკავს, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით არის. ყველამ იცის, რომ საქმის მოყვარულია და სავარჯიშო ბაზაზე ყველაზე ადრე მიდის. მის თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარება, სანამ აქ არის.

მატჩამდე უბრალოდ იქვეა, მაგრამ მატჩის დღეს მართლაც ცოცხლდება. 13:30 საათიდან 14:00-მდე გასაუბრებას აწყობს. ეს მისი დროა- ყველაზე მნიშვნელოვანი 30 წუთი კვირაში. გვიყვება, როგორ უნდა ვიმოქმედოთ თამაშში, გვისახელებს მოწინააღმდეგის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ადრე ვიდეოებს ვუყურებდით, მაგრამ მწვრთნელი ყოველთვის იყენებდა თავის შენიშვნებს, რომელსაც ხელით აკეთებდა. აუცილებელი იყო ბევრი რამის მოყოლა როგორც გუნდისთვის, ისე ინდივიდუალურად. შეიძლება მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი დაგისახელოს ან გეტყვის, რომ დარღვევებს უნდა ერიდო. შეიძლება გითხრას: "შეეცადეთ, ყოველთვის დაასწროთ მათ მარცხენა მცველს, რადგან ძალიან ნელია".

არ ყვირის, მაგრამ ჩანაფიქრი ყოველთვის მიაქვს ადრესატამდე, როგორც ბრძოლის წინ გენერალს, გასაგებად და დამაჯერებლად. ყოველ ნათქვამ სიტყვას აქვს მიზეზი. ძირითადად სერიოზული, თუმცა ხანდახან მსუბუქიც. ყოველთვის მოუთმენლად ველოდით "ასტონ ვილასთან" მატჩს, რადგან გვინდოდა მოგვესმინა, როგორ ამბობდა უგო ეჰიოგუს სახელს. "შეეცადეთ, ეჰუგუ დაკეტოთ. ეჰოგუ, კარგი, რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია. მაგრამ გაიგეთ". ამაზე გულში ყოველთვის გვეცინებოდა. მის სახელს სწორად ვერასდროს ამბობდა.

გასახდელში მატჩის წინ ბევრს არ ლაპარაკობს, თუმცა ხანდახან გრძნობს, რომ ფეხბურთელს შთაგონება სჭირდება. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არიან სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ხასიათის ბიჭები ბრაზილიიდან და ადგილობრივები, როგორც მე, მას კი სურს, რომ ყველამ თავი იგრძნოს, როგორც ერთმა მთლიანმა. გუნდის ნაწილად.

სეზონში სამჯერ თუ ოთხჯერ ერთსა და იმავე სიტყვებს ამბობს- და ეს ყოველთვის ამართლებს. "ირგვლივ მიმოიხედეთ", - ამბობს ის. "ერთმანეთს შეხედეთ და იამაყეთ იმით, რომ ერთ გუნდში ხართ". თითოეულზე ცალ-ცალკე მიუთითებს. "მას ჩემს გუნდში ვირჩევ. შენ და შენ". როგორც კი ამთავრებს, გრძნობ, რომ თმა ყალყზე გიდგება, კანში ჟრუანტელი გივლის, გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობს.

ხანდახან შეიძლება რომელიმე ინციდენტზე შეჩერდეს, როგორც მაშინ, როცა "სტემფორდ ბრიჯის" პერსონალი პატრის ევრას შეეჩეხა. "შეხედეთ პატრისს, სულ 4 ფუტისაა, მაგრამ არავისი ეშინია. არავის დაუთმობს. მებრძოლია. თქვენს თავზე რას იტყვით?"

შემდეგ, სანამ გასახდელიდან გამოხვალთ, ის კარში დაგხვდებათ. მას მატჩის წინ და შესვენებაზეც იხილავთ. მის გვერდით ჩაივლით და ის ხელს ჩამოართმევს ყველა ფეხბურთელსა და კლუბის პერსონალს. სიტყვები არ სჭირდება. ის ბოსია, ქვეყნის უდიდესი მენეჯერი. მოტივაციისთვის კიდევ რა არის საჭირო?

ჩვენი ბოსის გავლენა და ძალა არასდროს იწვევდა ეჭვს, მიუხედავად ასაკისა. ამიტომ ჯერ კიდევ არ მესმის, როგორ შეეძლო 2002 წელს პენსიაში გასვლა. როგორი დანაკარგი იქნებოდა! უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენ ჩემპიონობასა და სხვა ტიტულებს გამოტოვებდა. გამოთვალეთ, რამდენ მოწინააღმდეგეს ვერ დაამარცხებდა.

2001/02 წლების სეზონი ახლოვდებოდა და ბოსის პენსიაში გასვლის დღეებს ვითვლიდით. დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 ჩემპიონატი მოვიგეთ. ჩვენ ვიყავით მანქანა, რომელიც მოწინააღმდეგეს მიწასთან ასწორებდა, მაგრამ ახლა ყოველ კვირაში ჩნდებოდა ჭორები, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი მწვრთნელი და ვინ იქნება ფერგი მომავალში.

ვერ აღვწერ, როგორ აზარალებდა ეს ჭორები გუნდს. ხმები დიდი ხნის წინ გასულიყო გუნდის ფარგლებს გარეთ, მაგრამ იმედგაცრუების ეფექტი უდავო იყო. მწვრთნელის ავტორიტეტი სათანადო დონეზე რჩებოდა, მაგრამ მგონია, რომ მომავალზე ფიქრით ენერგიას შეგნებულად ხარჯავ. მაგრამ ეს დაუშვებელია, როცა ისეთ მნიშვნელოვან საქმეში ხარ ჩართული, როგორიც ტიტულისთვის ბრძოლაა.

შეშინებულმა იმით, თუ რა გველოდა მომავალში, თუკი მწვრთნელი წავიდოდა, სტივ მაკლარენმა გუნდი დატოვა და "ბოროში" გადავიდა, ის კი სათანადოდ ვერ შეცვალეს. მისი ტაქტიკური დამუშავებების შედეგად ბევრს მივაღწევით, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდში გარდაქმნა მიმდინარეობდა.

იაპ სტამი გაყიდეს, რასაც გამსკდარი ბომბის ეფექტი ჰქონდა, ისევე, როგორც სპარკის წასვლას, ფეხბურთელებისთვისაც კი, ვიტყოდი კიდეც, მით უმეტეს ფეხბურთელებისთვის. ჭორების უმრავლესობა იაპის წასვლამ გამოიწვია, რისი ფუძეც მისი საწინააღმდეგო ავტობიოგრაფია იყო, მაგრამ მგონია, რომ წიგნი მხოლოდ მეორეხარისხოვანი ფაქტორი გახდა, შეიძლება ითქვას, ამასთან არაფერ კავშირში მყოფი.

ვიცი, რომ მწვრთნელი არ აღფრთოვანებულა ამ წიგნით, ისევე, როგორც მე, რადგანაც მე "შეპყრობილი ცენზურა" მიწოდეს. იაპი ამას პირისპირაც მეუბნებოდა და ვიცი, რომ ხუმრობდა, მაგრამ "დეილი მირორის" გვერდებზე სხვაგვარად ჟღერდა.

ძალიან ტაქტიანი იყო, რადგან სულის სიღრმეში ისეთი, დიდი და მხიარული დათვი იყო. ფილი, ბატი და მე ხშირად ვეხუმრებოდით ყურზე მოქაჩვით ან ოდნავ წარტყმით და ისე გამოგვედევნებოდა, როგორც მამა ჯიუტ შვილს. მისი წიგნით ვინმეს ჩავლება არ სურდა, უბრალოდ ფიქრობდა, რომ მისი სერიალიზაციის შედეგი იქნებოდა ის, რომ მოკლე ამონაწერები დიდ ისტორიებად იქცეოდა. როგორც ვუხსნიდი, შეეძლო ეთქვა, რომ რუდ ვან ნისტელროიმ საგოლე მომენტებში ეგოისტობა გამოავლინა, მაგრამ სათაურები ვერ გადმოსცემდნენ იმის არსს, რომ მისი ეგოისტობა მისი საფეხბურთო გენიის ნაწილი იყო.

ბევრს ეგონა, რომ სტამს წასვლა მწვრთნელის უნდობლობამ გადააწყვეტინა, რაც არასწორია, ბოსმა მოგვიანებით დაადასტურა. ფიქრობდა, რომ იაპი ისეთი სწრაფი აღარ იყო და თავის გეგმებში არ შეიყვანა. თუმცა ეს ნაწილობრივ მართალი იყო, რადგანაც ჩვენი გუნდის დაცვის უცვლელ წევრად რჩებოდა. გვაკლდა.

იაპი შოკში ჩავარდა, როცა ბოსის ოფისიდან გამოსული მას შევეჩეხე.

"მივდივარ. საღამოს რომში მივფრინავ, რათა "ლაციოსთან" კონტრაქტი გავაფორმო".

"მაგრამ შენი კონტრაქტი ჯერ არ ამოწურულა. შეგიძლია, დარჩე".

"არა, მას ჩემი წასვლა სურს. არ აქვს მნიშვნელობა იქ დარჩენას, სადაც შენი დანახვა არ სურთ".

გამოცანად დარჩა, მით უმეტეს, რომ ლორან ბლანი, შესანიშნავი მცველი, რომლის საუკეთესო წლები წარსულში დარჩა, სტამის შემცვლელად მოიყვანეს. ძალიან ცოტა ისეთი გადაწყვეტილება არსებობს, რომელთა გახსენებისას ჩვენი მწვრთნელი თავის შეცდომას აღიარებდა. მაგრამ ეს ნამდვილად იყო ერთ-ერთი მათგანი.

ერთ-ერთი პოზიტიური მხარე რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი იყო. ერთი წლის შემდეგ, როგორც ჩაფიქრებული იყო, რუდ ვან ნისტელროი შევიძინეთ- საუკეთესო ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია.

მერე მოვიდა ხუან სებასტიან ვერონი, "ლაციოდან" 28 მლნ. ფუნტად იქნა შეძენილი. როგორც სხვებს, მეც მახარებდა მისი მოსვლა. იტალიაში წარმატებული იყო. მისი სამხრეთ-ამერიკული სტილის შერწყმა ჩვენს ბრიტანულ ხასიათთან, ევროპის ხელმეორედ დაპყრობის კარგი წინაპირობა უნდა გამხდარიყო.

სამწუხაროდ, არ გაამართლა. სებას ვარჯიშებზე ვუყურებდით, ფანტასტიკური იყო. კარგ დარტყმასა და პასს ფლობდა. კარგ ხედვასა და ღირსეულ ფიზიკურ მონაცემებს ფლობდა, ასევე სრულად იხარჯებოდა. მაგრამ შემადგენლობაში მისი შეყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა. ცენტრში როისთან ერთად სებას გამოყენება ნიშნავდა, რომ სქოულზი წინ უნდა გადაწეულიყო და რუდის უკან დამდგარიყო. მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომს თამაში არ მოსწონდა. უძლიერესი შემადგენლობა გვყავდა, მაგრამ ამან არ გაამართლა.

მესმოდა, რის გაკეთება სურდა ბოსს. ევროპული მატჩები უკეთესად უნდა გვეკონტროლებინა, სისწრაფე გვეკარნახა და გვეცვალა, ნაცვლად მოწინააღმდეგის ძალის ხარჯზე დაჯაბნისა. ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" და "ბაიერნთან" დამარცხებამ გვასწავლა ყოველივე. მაგრამ ახლა ჩვენი გეგმის ნახევარზე ვიყავით მისული.

ვინგერები გვყავდა, მაგრამ მაღალ ბურთს აწვდიდნენ ცენტრფორვარდ რუდს, რომელსაც თავით თამაში არც ისე უყვარდა. ცენტრიდან მოქმედებას ვცდილობდით, მაგრამ სქოულზი და სება ერთმანეთს უშლიდნენ ხელს. თამაში უნდა გაგვეგრძელებინა, მაგრამ ჩვევები ვერ შევიცვალეთ. დეკემბერში ზედიზედ სამი წაგების შემდეგ მეათე ადგილზე ვიმყოფებოდით. და მწვრთნელი ასეთ მომენტში ვერ მიგვატოვებდა.

ხმები დადიოდა, რომ კლუბს სვენ-იორან ერიქსონის მოყვანა სურდა ინგლისის ნაკრებთან ერთად კარგი შედეგების ჩვენების გამო. შეიძლება სხვა მწვრთნელს, იქნებ სვენსაც შეეძლო მოსვლა და ტიტულების მოგება. მაგრამ მიხარია, რომ ეს არ გაირკვა. ასეთ კლუბში მუშაობა ხომ მწვრთნელისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მასთან გამკლავება ალბათ, მხოლოდ მოურინიოს შეუძლია თავისი რეკორდებითა და თავდაჯერებულობით. პირადად მე ვერც კი წარმოვიდგენ, რომ სხვა მწვრთნელის ხელმღვანელობით ვთამაშობ. თებერვალში გავიგეთ, რომ ბოსი არსად მიდიოდა, რამაც მხოლოდ გაგვახარა.

გასახდელში ყველა მოთამაშე შეკრიბა, რომ ეს ეთქვა. არავითარი ემოციები არ ყოფილა- გასახდელში ასე არ ხდება, მაგრამ გულის სიღრმეში ყველანი ბედნიერები ვიყავით. მე ვამბობ "მორჩა", მაგრამ იორკს სახე ახალი ამბის შემდეგ კიდევ უფრო გაუფერმკრთალდა, რადგანაც მწვრთნელს მისი იმედი არ ჰქონდა, ახალი მწვრთნელის მოსვლა ერჩივნა. როგორც კი ბოსმა ოთახი დატოვა, კინომ დაიყვირა: "გაგაუპატიურეს, იორკ".

მწვრთნელის დარჩენის გადაწყვეტილებამ ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო იმ სეზონში რამის შესაცვლელად. დადებითი მომენტი იყო რუდის ფორმა. ხელიდან გაშვებული დროის აღდგენის პროცესში 32 მატჩში 23 გოლი გაიტანა პირველივე სეზონში. გოლეადორად იყო დაბადებული, მთელ საჯარიმო მოედანს იპყრობდა, რაც უდიდეს ძალაზე მიუთითებდა, მაგრამ ხანდახან ყველას იმედს გვიცრუებდა. გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც კინაღამ ვეჩხუბე.

გასვლაზე "მიდლსბროს" ვეთამაშებოდით და ფლანგზე პასი გადავეცი. რუდმა ხელები მაღლა ასწია და თითქოს მეუბნება: "და ასეთ პასს მე რა ვუყო?"

წინ გავიქეცი: "ბურთს გაეკიდე, შე ზარმაცო ნაბიჭვარო".

იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ სპარკი, ენდი კოული ან ოლე გუნარ სულშერი ამ ბურთს დაედევნებოდნენ. მაგრამ არა რუდი. საჯარიმო მოედნისთვის ძალების შენარჩუნება სურდა.

ეს მაშინვე დამავიწყდა და თამაშის შემდეგ კუთხეში დავჯექი, ბუცებს ვიხდიდი, როცა მომვარდა თავის ქნევით: "მოედანზე მეორედ აღარ დამიყვირო, შენი დედაც!"

ავდექი და ხელი ვკარი. მაგრამ ბიჭებმა მოირბინეს და გაგვაშველეს. ეს ყველაფერი წვრილმანი იყო, მაგრამ რუდი შეაჩერეს. ერთ ღამეში მთელი მრისხანება გაქრა და მომდევნო დღეს ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.

ნაწილობრივ მესმის მისი. რუდი საჯარიმოს ფეხბურთელია. ეს მისი ძლიერი მხარე იყო და ალბათ, საუკეთესო თავდამსხმელია, რომელსაც "იუნაიტედში" უთამაშია. გოლები პროცენტული მაჩვენებლით დაუჯერებელი იყო. შირერის დონეზე იდგა, შეიძლება უფრო მაღლაც. მაგრამ ქედმაღალი იყო. ალბათ ფიქრობდა, რომ ჩვეულებრივი უკულტურო მარჯვენა მცველი ვიყავი, ის კი ვან ბასტენის მემკვიდრე. ბურთზე გამოკიდება მისი ძლიერი მხარე არ იყო და სადღაც მართალიც იყო. მაკლერი და სპარკი ბურთს დაეწეოდნენ, შეინარჩუნებდნენ და უკან გადააწვდიდნენ, მაგრამ ეს ძალიან პროგნოზირებადი გახდა. თამაში შეიცვალა და შეიცვალა საუკეთესო მხრივ. უფრო დახვეწილი გახდა.

მიუხედავად 2001/02 წლებში გატანილი რუდის გოლებისა, ეს სეზონი 1997/98 წლების შემდეგ პირველი უტიტოლო სეზონი გამოდგა. სეზონის დასაწყისში ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ და "არსენალი" ძალიან შორს გავუშვით, ასევე ბევრი მატჩი წავაგეთ ევროპაში, რომელთაგან ყველაზე სამწუხარო "ბაიერთან" მოხდა.

ნახევარფინალიდან გამოგვთიშეს, გუნდმა, რომელიც უნდა დაგვემარცხებინა და მე ფეხი მოვიტეხე საპასუხო მატჩში, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ნაწილი გამოვტოვე. ფეხში ტკივილს ვგრძნობდი და "ლევერკუზენთან" მატჩის წინ რენტგენზეც კი მივედი. მითხრეს, რომ ტრავმა მაქვს. მატჩის დროს ვარდნა განვახორციელე და ვიგრძენი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. რამდენიმე წუთში კოჭლობა დავიწყე და მივხვდი, რომ თამაშს ვეღარ გავაგრძელებდი. ერთი საათის განმალობაში საავადმყოფოში რენტგენისთვის მივედი და ექიმმა მითხრა, რომ ძვალი მოვიტეხე.

"მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ?"

"არა. არ გამოვა."

გამოჯანმრთელებას 8-დან 12 კვირამდე დასჭირდება. კარგად ვითვლიდი, ამიტომაც მესმოდა, რომ მიღმა დავრჩი. უბედურება იყო, რადგან ფორმის პიკში ვიმყოფებოდი. 2000 წლის მოვლენების შემდეგ ფორმა აღვიდგინე და მართლაც კარგად ვთამაშობდი.

ცხოვრების სტილი შევიცვალე. ადრე ძალიან ბევრ გაზეთს ვკითხულობდი. ყველა ცუდ სტატიას ვინიშნავდი. ძალიან ემოციური ვიყავი. ამიტომ ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შემდეგ და "იუნაიტედში" გატარებული იმ სეზონის მერე მოვდუნდი. ყვითელი პრესის კითხვა აღარ მინდოდა.

მანჩესტერის გარეუბანში მდებარე ძველი სახლიდან ახალში გადავბარგდი, ქალაქის ცენტრში დინგსტეიტში პენტჰაუსი ვიყიდე. სოციალურ ცხოვრებაში უფრო მეტი მონაწილეობის მიღება მინდოდა. ეს არ ნიშნავდა, რომ გარი ნევილი კლუბებში ხეტიალს დაიწყებდა- არა, ასე არ არის. მატჩების წინ ისევ ადრე ვიძინებდი. მაგრამ უფრო ხშირად ვსვამდი ღვინოს და ვჭამდი ხუთშაბათობით, სანამ ათის ნახევარზე დავიძინებდი მოწინააღმდეგეზე ფიქრისას. ცხოვრებაში უფრო მეტი ბალანსი ვიგრძენი. სწორედ რომ დროულად.

შეგნებულად დავისახე მიზნად, უფრო პროგრესულ მარჯვენა მცველად ვქცეულიყავი, შემტევ მანერასა და ჩაწოდებაზე დავიწყე ვარჯიში. ვიცოდი, რომ არჩევანი არ მექნებოდა, თუ "იუნაიტედში" თამაში მსურდა. მოქნილი მცველი უნდა ვყოფილიყავი, რომელსაც გამჭოლი ჩარბენების განხორციელება შეეძლებოდა და არა მხოლოდ დაცვა.

გაუმჯობესებისკენ ჩემმა სწარფვამ გამიტაცა და სარგებელს მართლაც ვგრძნობდი. სტრესში ვიმყოფებოდი იმის გამო, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვტოვებდი, არა მარტო იმიტომ, რომ კვლავ ვტკბებოდი ჩემი თამაშით, არამედ იმიტომ, რომ კევინ კიგანის შემდეგ სვენის ხელმძღვანელობით შესანიშნავად ვთამაშობდით და უცებ დაალაგა ჩვენი თამაში.

სვენი თავიდანვე შემიყვარდა. ალბათ, მისდამი გარკვეული ბრალდებები გაჩნდა მწვრთნელობის ბოლო პერიოდში, მაგრამ რამდენიმე წელი დაუვიწყარი იყო. ნაკრებში ჩვენი თამაშითა და გუნდური სულისკვეთებით ვტკბებოდით, ისევე, როგორც ტერი ვენეიბლსის დროს. არასდროს მქონია პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელი მწვრთნელი გვწვრთნიდა. ყველას ეგონა, რომ ინგლისელი მწვრთნელი გვჭირდებოდა, მაგრამ მე უბრალოდ კარგი სპეციალისტი მჭირდებოდა, მით უმეტეს წინა იმედგაცრუებების დროს. ახლაც ასე ვფიქრობ. შესაძლოა, ინგლისელის ვარიანტი უფრო სასურველია, მაგრამ პრიორიტეტი ყოველთვის საუკეთესო სპეციალისტი უნდა იყოს.

სვენი კარგი ბოსი იყო. მას ცუდი გუნდური სულისკვეთების მქონე გუნდი ერგო, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მიუნხენში დაუვიწყარი 5-1 გამარჯვება მოგვაპოვებინა. მისი სამუშაო რაღაც განსაკუთრებული იყო, უბრალოდ სწორი გადაწყვეტილებები შემადგენლობის შერჩევისას და უბრალო, მაგრამ ეფექტური მიდგომა. გუნდში ყველასთვის ცხადი იყო, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა, რომ, თუ არ ვინერვიულებდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართებოდა. ამავდროულად, როცა ჩემი პირადი თამაში და თავდაჯერებულობა შესუსტდა, მისი სიმშვიდე და რბილი მიდგომა სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა.

იმ დროს სვენს აღმერთებდნენ. მაშინაც კი, როცა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მატჩში ფრე ვეთამაშეთ საბერძნეთს. ცუდი თამაში ბოლო წუთზე ბექსის მიერ გატანილი საჯარიმო დარტმით გათანაბრუნებულმა ანგარიშმა დაგვავიწყა. ახლოს ვიდექი, როცა სიტუაციას აფასებდა. ტედიმ სთხოვა, ხომ ვერ დაარტყმევინებდა საჯარიმოს, მაგრამ ბექსისთვის საჯარიმო დარტყმის წართმევა იგივე იყო, რაც საფულის მოპარვა.

მოვბრუნდი და "ოლდ ტრაფორდის" ერთ-ერთი ტრიბუნის მაღლა საათს შევხედე. დრო გავიდა. ვფიქრობ, ბექსმა ეს იცოდა და სწორედ ეს განარჩევს დიდებულ ფეხბურთელებს დანარჩენებისგან: როცა ყველაფერი დაკარგულია, როცა ყველაფერი მხოლოდ ერთზეა დამოკიდებული, დიდებულები მაინც აკეთებენ თავიანთ საქმეს.

ვიცოდი, რომ გაიტანდა, როცა ბურთი მის ბუცს მოსწყდა. ეს გასაოცარი დარტყმა და თამაში იყო მისი შესრულებით. ყოველთვის შრომისმოყვარე ფეხბურთელი იყო, მაგრამ ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაურმა ბექსს ფრთები შეასხა.

სამკლაურის ტარება უყვარდა, თუმცა 2002 წლის აპრილში მეგონა, რომ მე მომცემდნენ პარაგვაისთან ამხანაგურ მატჩში. მაგრამ სვენმა მოედნისკენ მიმავალზე გზაზე სკამზე დამისვა და მეუბნება: "გარი, დღეს მაიკლ ოუენი უნდა გავხადო კაპიტანი".

სვენის ტიპიური მოქმედება, დიპლომატიური იყო. პრაქტიკულად მითხრა, რომ მე უფრო ვიყავი კაპიტნობისთვის დაბადებული, ვიდრე მაიკლი. თითქმის ბოდიში მომიხადა. მაგრამ რატომ არ მომცა სამკალური?

მაიკლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც გვყავდა, ისეთი, როგორებიც რიო, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი და მე ვიყავით, რომლებიც უფრო შესაფერისი კანდიდატები ვიყავით. მაგრამ მაიკლი უფრო ცნობილი იყო და ასეთი რამეები სვენის სისუსტეს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მატჩზე გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ არჩევანი უცნაური იყო. ამას შევეგუე, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტად უნდა ავჯანყებულიყავი. სვენის ეს პატარა სისუსტე მომავალში კიდევ შეგვახსენებს თავს.

მაგრამ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან დამარცხებაში მას ვერაფრით წავუყენებ ბრალს. ამ თამაშს ტვ-სტუდიაში ვუყურე. დენი მილსი მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. მისი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მას ან მეოთხედფინალში გასულ სხვა ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ.

ნამდვილად, ბურთი საუკეთესოდ არ ეჭირათ, მაგრამ ისინი იაპონიის მწველი მზის ქვეშ ტოპ-ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ თამაშობდნენ. იძულებულნი იყვნენ, მუდმივად ბურთის ართმევაზე ეთამაშათ და მალე დაიღალდნენ. ძალიან კრიტიკული ვერ ვიქნებოდი, რადგანაც იქ ნაკრების რიგებში რამდენიმეჯერ მითამაშია და ვიცოდი, რას ნიშნავს უფრო ძლიერ მეტოქესთან დამარცხება.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
9 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
28 აპრილი 2016 20:46
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დრო როგორ მალე გადის როდესაც კითხულობ იმას რაც გსიამოვნებს. სტატიას თან არაფერ შუაშია მარა მეორე საიტიდან მწერლები არ გადმოვიდნენ ? ისევ RojoDiablo გვამარაგებს სიახლეებით ძირითადად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: Mufc7
28 აპრილი 2016 21:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველთვის მოუთმენლად ველოდით "ასტონ ვილასთან" მატჩს, რადგან გვინდოდა მოგვესმინა, როგორ ამბობდა უგო ეჰიოგუს სახელს. "შეეცადეთ, ეჰუგუ დაკეტოთ. ეჰოგუ, კარგი, რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია. მაგრამ გაიგეთ". ამაზე გულში ყოველთვის გვეცინებოდა. მის სახელს სწორად ვერასდროს ამბობდა.

love
დაუსრულებლად შემიძლია ვიკითხო ხოლმე ეს და თან მით უმეტეს მაშინ, როცა თვალები ერთ სახელს ამოიკითხავს ხოლმე, გულს იმ წამსვე რომ აგიჩქარებს. ერთ დროს მეგონა, ''ბოსი სამუდამოდ დარჩებოდა'',მაგრამ დრო ყველაზე საშიში რამ რომ ყოფილა, იმას კი ვერ ვხვდებოდი, თუმცა მაინც სამუდამოდ ჩვენთან დარჩება,როგორც ''იუნაიტედის'' სინონიმი, განუყრელი გენიოსი ჩვენი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: hemi
28 აპრილი 2016 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
რუნის ბიოგრაფია წაკითხული მაქვა მაგრამ რატომღაც ეს ნევილის უფრო საინტერესო მომეჩვენა, კარგია რო დებთ თავებს და იქნებ გაიხსენოს ხალხმა როგორი იყო იუნაიტედის მწვრთნელი და ვინ შეგვეგერება
0
№4
ავტორი: Lady in red
28 აპრილი 2016 22:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ძველი იუნაიტედი აკლია ფეხბურთს და ლეგენდების მებრძოლი სული, ძალიან დიდი იმედით ველოდები ჩვენი გუნდის გაძლიერებას და იმედი მაქვს,რომ მალე კვლავ გაგვახარებენ ტიტულებით
0
№5
ავტორი: GeorgeBest
28 აპრილი 2016 23:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენი მწვრთნელი ნებისმიერ მატჩში უდიდეს გავლენას ახდენს გუნდზე. ყოველთვის გრძნობ, რომ ის თავში გიზის. ხან შუბლში, ხან კეფაში და შენს თავს ეუბნები: "ღმერთო, შესვენებაზე პირისპირ შევხვდები. ჯობია მოვუმატო, თორემ სკალპს ამაძრობს".


love
0
№6
ავტორი: RojoDiablo
29 აპრილი 2016 00:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვან გაალს წააკითხეთ, ვან გაალს. პირველივე აბზაცი მისთვისაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: gela-manchesteri
29 აპრილი 2016 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: RojoDiablo
ვან გაალს წააკითხეთ, ვან გაალს. პირველივე აბზაცი მისთვისაა

მედია ახალი სეზონიდან ***ავს
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აპრილი 2016 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში მადლობა დუმბოს და რაც შეეხება ამ თავს, რავიცი რა ვთქვა. პირველ ნაწილში ზუსტად არის ასახული სერ ალექს ფერგიუსონი. ესეთი რომ არ ყოფილიყო არ იქნებოდა ის რაც არის, თუმცა როგორც გარი აღნიშნავს მასაც ქონდა შეცდომები და მისი ერთ-ერთი შეცდომა ნამდვილად იყო სტამის გაშვება. ამას თვითონ ფერგიც ადასტურებს და არაერთხელ უთქვამს, რომ სტამი არაფრის დიდებით არ უნდა გაეყიდა, თუმცა შეუცდომელი არავინაა love
0
№9
ავტორი: stepno
26 მაი 2016 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
როგორ ვისიამოვნეეეე love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top