ენტონი მარსიალმა "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის შესაძლებლობებს ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაშით მოხარული იქნებოდა.
34 წლის შვედის მოქმედი კონტრაქტი 2015/16 წლების სეზონის ბოლოს იწურება. იბრაჰიმოვიჩს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ მისით პრემიერ ლიგის სხვა გუნდებიც ინტერესდებიან.
მარსიალი ფიქრობს, რომ "იუნაიტედმა" მომდევნო სეზონისთვის გუნდი აუცილებლად უნდა გააძლიეროს და არჩევანის იბრაჰიმოვიჩზე შეჩერებას ამართლებს.
"შესანიშნავი იქნებოდა მასთან ერთად თამაში, გასაოცარი ფეხბურთელია და ამას ასაკის მიუხედავად კვლავ ამტკიცებს.
სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება, თუმცა ისედაც კარგი გუნდი გვყავს", - განაცხადა ფრანგმა.
მარსიალმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ლუი ვან გაალმა და "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა "ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ მის პირველ სეზონზე დიდი გავლენა მოახდინეს.
"ძალიან მომწონს ლუი ვან გაალი, ყოველთვის მეხმარება. აქ მოსვლაში და თამაშში დამარწმუნა- ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჩვენი გულშემატკივრები დაუჯერებელნი არიან, ყოველთვის მიჭერენ მხარს, მაშინაც კი, როცა ვაცილებ. დაუჯერებლად და ძალიან უყვართ ფეხბურთი".