ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ ლუკ შოუს ვარჯიში ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისგან განცალკევებით მიმდინარეობს.
ინგლისელმა ფეხბურთელმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს.
სექტემბერში დაშავებული შოუ ვარჯიშებს მხოლოდ მიმდინარე კვირის ორშაბათს დაუბრუნდა, თუმცა, ვან გაალის თქმით, ლუკი ჯერ მხოლოდ ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშობს.
"გუნდში არ არის, მოედანზე და ბალახზე ვარჯიშობს. ფეხები და კუნთები მოედანს უნდა შეაჩვიოს და ეს არის სხვაობა. ფანტასტიკურია, რომ გვიბრუნდება, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფიზიოთერაპევტთან ინდივიდუალურად ვარჯიშობს, რათა მოედნის საფარს შეეგუოს.
ეს პირველი ნაბიჯია. ყველანი ბედნიერები ვართ მისი დაბრუნებით, რადგანაც გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდა. უკვე შვიდ თვეზე მეტია, როგორც ვიცი. მის გამო ბედნიერები ვართ და ახლა ძალიან ახლოსაა", - განაცხადა ვან გაალმა.