ლუი ვან გაალმა თავის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძალიან ადვილია მისთვის უეინ რუნისთან მუშაობა.
რუნიმ მიმდინარე კვირაში გუნდთან ერთად ორი სავარჯიშო სესია გამართა და პირველ მათგანზე გოლი შესანიშნავი მოქმედებით გაიტანა, რამაც ვან გაალი მოხიბლა.
"გოლი გაიტანა- ფანტასტიკურად დაარტყა, მეკარეს თავზე გადაუგდო. ეს მისი პირველი ვარჯიში იყო.
იმდენად კარგია, რომ იძულებული ვარ, გუნდში პოზიცია მივცე, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, რასაც ყოველდღე ვხედავთ", - განაცხადა მწვრთნელმა.
ვან გაალმა დაადასტურა, რომ ორშაბათს რუნი "იუნაიტედის" 21-წლამდელთა რიგებში ითამაშებს "მიდლსბროს" წინააღმდეგ. როცა ჰკითხეს, კაპიტანი ოთხშაბათს "ვესტ ჰემთან" მატჩში იქნებოდა თუ არა, მან უპასუხა: "ამას წინასწარ ვერასდროს იტყვი, რადგან ჯერ უნდა დარწმუნდე, ყველაფერი რიგზეა თუ არა.
ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის და ჩვენთან ერთად მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა, ამიტომაც ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ მის ტრავმას. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, "მიდლსბროსთან" რა მოხდება.
მისი მდგომარეობის შესახებ ყოველდღე გვაქვს კონტაქტი და ჩემი ფილოსოფია, რომელიც ყველასთვის ცნობილია, მისთვისაც ცნობილია. ყოველდღე ვესაუბრებით ექიმს, ფეხბურთელს და გეგმას ვადგენთ. რთული არ არის, რადგან ამას ყველა ფეხბურთელთან ვაკეთებ და უეინი ჩემთან ძალიან გულახდილია.
რუნი არის მოთამაშე, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს, მწვრთნელისთვის მასთან მუშაობაზე ადვილია არაფერია. ყოველთვის ხელს გიწყობს და ყველაფერს აკეთებს".
ვან გაალს მიაჩნია, რომ რუნის სეზონის დასკვნით ნაწილში "წითლებისთვის" დამატებითი ბიძგის მიცემა შეუძლია.
"ამის იმედი მაქვს! მასზე იმედებს ვამყარებ და ეს უკვე ვუთხარი, მაგრამ ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და შემდეგ სხვა ფეხბურთელებს შევადარო".