"ტოტენჰემ ჰოთსპურთან" მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ფილ ჯონსის, უეინ რუნისა და ეშლი იანგის შესახებ პოზიტიური ამბები გაავრცელა.
"წითლების" კაპიტანი 13 თებერვლის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს, მიმდინარე კვირაში კი გუნდთან ერთად ვარჯიშები გამართა.
რაც შეეხება ფილ ჯონსსა და ეშლი იანგს, ინგლისელებმა ორშაბათს "იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში ითამაშეს 76 და 90 წუთი შესაბამისად. ორივე მათგანი ამ კვირაში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კაპიტანი ბრუნდება. მან მხოლოდ ორი სესია გამართა ჩვენთან ერთად, ამიტომ ფორმაში არ არის. ეს დიდი განსხვავებაა. ყველას ჰგონია, რომ რუნი უკვე ფორმაშია, მაგრამ ასე არ არის. ჯერ პრემიერ ლიგის დონის მატჩის ჩატარებისთვის უნდა მოემზადოს", - განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.
"იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას ვან გაალმა დაადასტურა, რომ რუნი პირველ გუნდში დაბრუნებამდე 21-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. ეს კი შეიძლება მოხდეს ორშაბათს "მიდლსბროს" წინააღმდეგ.
როცა ჯონსისა და იანგის შესახებ ჰკითხეს, მწვრთნელმა უპასუხა: "დიახ, ასე თუ ისე ფორმაში არიან, რადგან დაბალ დონეზე ჩატარებული ერთი თამაშით უცებ ვერ ჩადგები ფორმაში. ახლა დიდი შემადგენლობა გვაქვს, 26 ფეხბურთელით ვვარჯიშობთ და ამ ახალ სიტუაციასთან შეგუება კიდევ ერთხელ მოგვიწევს, თუმცა ახლა უფრო მეტი პერსპექტივაა".
ვან გაალმა ასევე დაადასტურა, რომ ადნან იანუზაი ხელმიუწვდომელი იქნება: "ადნანს ტრავმა ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ ისიც დაბრუნდება, მძიმე დაზიანება არ აქვს. რეზერვების ან პირველი გუნდის რიგებში სათამაშოდ მზად არ არის".