"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ენტონი მარსიალი მოხიბლულია ჰარი კეინის თამაშით, რომლის 22 გოლიც "ტოტენჰემის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
"დეზები" პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ლესტერს" შვიდი ქულით ჩამორჩებიან.
კეინმა გასულ წელს ნაჩვენები თავისი შედეგი უკვე გააუმჯობესა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი კი ინგლისელის წარმატების ფონზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.
"კეინი ტოპ-მოთამაშეა და ჯერ მხოლოდ ახალგაზრდაა. შარშან დიდებული სეზონი ჰქონდა და მხოლოდ ხაზი გაუსვა, რამდენად კარგია. მისი ყურება ძალიან გსიამოვნებს.
"დეზებს" ჰყავთ გუნდი, რომელიც დიდი აგრესიით იცავს თავს და ერთიანი, კომპაქტურია. წინ ბევრი შესაძლებლობა აქვთ და ამიტომაც იმყოფებიან მეორე ადგილზე," - განაცხადა ფრანგმა.
"ტოტენჰემი" მიმდინარე სეზონში სახლში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, მაგრამ მარსიალს იმედი აქვს, რომ "იუნაიტედი" ზედიზედ მესამე გამარჯვებას სწორედ "უაით ჰართ ლეინზე" მოიპოვებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ევერტონთან" გამარჯვება და ამან მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში დაგვაბრუნა. დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული".