ენტონი მარსიალს მორიგი რეკორდის დამხობის შანსი აქვს.
ენტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედში" პირველი სეზონის მქონე თინეიჯერ ფეხბურთელთა რეკორდს მიუახლოვდა, რომელსაც ამჟამად ბრაიან კიდი და უეინ რუნი იყოფენ.
მარსიალმა, რომელიც 2015/16 წლების სეზონის სტარტზე 19 წლის იყო და დეკემბერში 20-ს შესრულდა, თავისი მე-13 გოლი გაიტანა "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩში.
კიდმა თავის სადებიუტო სეზონში 1967/68 წლებში, როცა სერ მეტ ბასბის პირველ გუნდში გამოჩნდა, 18 წლის ასაკში 17 გოლი გაიტანა. თავის მე-19 დაბადების დღეზე კი "უემბლიზე" "ბენფიკას" წინააღმდეგ ევროპული თასის ფინალშიც გამოიჩინა თავი.
რუნიმ ასევე 17 გოლი გაიტანა 2004/05 წლების სეზონში, როცა 18 წლისა და 335 დღის ასაკში სადებიუტო შეხვედრაში "ფენერბაჰჩესთან" ჰეთ-ტრიკი შეასრულა- რუნი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-ტრიკი აქვს შესრულებული. კიდის მსგავსად, მე-19 დაბადების დღეზე რუნიმაც გაიტანა გოლი, როცა "იუნაიტედმა" "არსენალი" 2-0 დაამარცხა.
ნორმან უაითსაიდმა თავისი პირველი ორი მატჩი 1981/82 წლების სეზონის მიწურულს ჩაატარა, მაგრამ მომდევნო სეზონში გულშემატკივარს ხშირად ახარებდა ბრწყინვალე თამაშით. 17 წლის ფეხბურთელმა 14 გოლი გაიტანა 57 მატჩში და გახდა ლიგის თასისა და ინგლისის თასის ფინალის ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი.
მარსიალი სტატისტიკურ დაფაზე უაითსაიდსა და ბობი ჩარლტონს შორის იმყოფება. სერ ბობიმ 1956/57 წლებში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
ენდი რიჩის დებიუტი 1977 წლის დეკემბერში 17 წლის ასაკში შედგა, მაგრამ იმ სეზონში მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ 1978/79 წლების სეზონს ავიღებთ, როცა მან 10 გოლი გაიტანა, რადგანაც მისი პირველი სრული სეზონი სწორედ ეს იყო. 17 წლის ალექს დოუსონმა 1957/58 წლებში ასევე 10 გოლი გაიტანა, მათ შორის ინგლისის თასის ნახევარფინალში "ფულჰემის" კარში შესრულებული ჰეთ-ტრიკი.
17 წლის რაიან გიგზმა თავის პირველ სრულ სეზონში 7 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით უტოლდება თანაგუნდელ პოლ სქოულზს, რომელმაც იმავე შედეგს 19 წლის ასაკში 1994/95 წლებში მიაღწია.
"იუნაიტედმა" ცნობილი რეკორდული ტრანსფერი განახორციელა, როცა 2003 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" თინეიჯერი კრიშტიანუ რონალდუ შეიძინა. პორტუგალიელი სამომავლოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა მის სადებიუტო სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა (6) მარსიალის შედეგის ნახევარზე ნაკლებია.
ჯორჯ ბესტმა, რომელსაც მოედნის ერთ-ერთ მშვენებას უწოდებდნენ, 1963/64 წლების სეზონში ასევე 6 გოლი გაიტანა 17 წლის ასაკში.
პრემიერ ლიგაში შვიდი, ინგლისის თასზე კი მინიმუმ ერთი მატჩია დარჩენილი სეზონის დასრულებამდე და თუ მარსიალი 5 გოლის გატანას მოახერხებს, რუნისა და კიდის რეკორდს დაამხობს.
წყარო:
manutd.com