კრის სმოლინგი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ ხაზში დეილი ბლინდთან ერთად თამაში მისთვის სასიამოვნოა და სწორედ კარგი პარტნიორობის ხარჯზე აქვთ "წითლებს" შთამბეჭდავი დაცვითი შედეგი.
"ევერტონთან" მატჩის მეორე ტაიმში ენტონი მარსიალის მიერ გატანილი გოლი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" მორიგი გამარჯვება მოეპოვებინა და სეზონის მე-15 "მშრალი" მატჩი ჩაეტარებინა, რაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში საუკეთესო შედეგია.
სმოლინგი დაცვის ცენტრში თავისი პარტნიორის, დეილი ბლინდის შესახებ საუბრობს.
"ვიცით, რომ ერთმანეთის ნდობა შეგვიძლია და როცა საფრთხე წარმოიქმნება, საჯარიმოში არეულობა არ უნდა შეიქმნას, რადგან ეს პატრნიორისადმი უნდობლობას ნიშნავს. ერთმანეთს ბოლომდე ვენდობით. ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვიღებდით ყოველ განვლილ მატჩში და მომდევნოებშიც ასე იქნება.
ყოველ თამაშში დეილი კრიტიკოსებს ადუმებდა და ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. მას შემდეგ, რაც კლუბში გადმოვიდა, იშვიათად თუ იყო ტრავმირებული და მან უმაღლეს თანმიმდევრულობას მიაღწია იქნება ეს ნახევარდაცვა თუ ცენტრალური დაცვა. მის გვერდით თამაში სასიამოვნოა.
კარგია, რომ ნომინალურად ნახევარმცველია, მაგრამ დაცვაშიც კარგად მოქმედებს, თანაც პასების სიზუსტე იდეალურ მდგომარეობამდე აქვს მიყვანილი. ჩვენს დაცვას ბევრ რამეს აძლევს იმის ცოდნა, რომ ბლინდს ბურთის ამოტანა და ჩაჭრა შეუძლია", - განაცხადა სმოლინგმა.
სმოლინგს თავისი თამაშის გამო "იუნაიტედის" ყოფილ მცველს, რიო ფერდინანდს ადარებენ და კრისი ამით ამაყობს.
"სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ დიდებულ ფეხბურთელს გადარებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველას თავისი სათამაშო სტილი და მიდგომა აქვს. თუმცა, თუ კარგ ფეხბურთელს შეგადარებენ, კარგია- იმედი მაქვს, ასეც გავაგრძელებ".