ვან გაალის ბიჭებმა ,,კანფეტები'' იმედგაცრუებულნი დატოვეს, მთავარი მიზეზი კი დაცვის თამაშია. სმოლინგი და ბლინდი იდეალურად გაუმკლავდნენ ფიზიკურად ძლიერ ლუკაკუს, დე ხეა ტრადიციულად საუკეთესო იყო, კიდევ ერთი კარგად ჩატარებული მატჩი- ესპანელმა კიპერმა თამაშის მიწურულს რამდენიმე შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა. ფოსუ-მენსა კი უკვე მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას თავისი გამორჩეული თამაშით, ჯერ ფლანგზე და შემდეგ კი- ცენტრში.
მარსიალმა აპლოდისმენტები დაიმსახურა გოლის გამო, მაგრამ მატჩში მთავარი როლი მაინც დაცვამ ითამაშა, რომელმაც სეზონში მე–15 მშრალი მატჩი ჩაატარა. ეს ერთით მეტია, ვიდრე ჩვენი კონკურენტების- ,,სიტისა'' და ,,არსენალის'' მაჩვენებლები და ორით მეტი, ვიდრე ლიდერი ,,ლესტერისა''.
მთავარი ქულებია და არა მშრალად შენახული მატჩები, რადგანაც 15 მაისს სწორედ დაგროვილი ქულები იქნება მთავარი, მაგრამ ,,წითელი ეშმაკები'' იმსახურებენ შექებას დაცვაში ასეთი თამაშის გამო, მიუხედავად იმ უამრავი ტრავმისა, რაც გუნდს მიმდინარე სეზონში აქვს.
ლუკ შოუმ სეზონი იდეალურად დაიწყო, მაგრამ სექტემბერში მიღებულმა საშინელმა ტრავმამ ახალგაზრდა ინგლისელს სეზონი ნაადრევად დაუმთავრა. მასთან ერთად ტრავმები მიიღეს მარკოს როხომ, ეშლი იანგმა და ბორთვიკ–ჯექსონმა. მარჯვენა ფლანგზეც ვერ იყო საქმე კარგად, რადგან ვალენსიას მძიმე ტრავმას დარმიანის ხშირი ტრავმებიც ემატებოდა.
ყველა ამ დანაკლისმა ვან გაალი იძულებული გახადა აკადემიის ფეხბურთელებისთვის ეხმო, ისეთებისთვის, როგორებიც დონალდ ლავი და გილერმო ვარელა არიან. საბოლოოდ, ჰოლანდიელს 14 ფეხბურთელის გამოყენება მოუწია დაცვის ხაზში. დაგვეთანხმებით, რომ მშრალი მატჩების რაოდენობა ამ ფაქტის ფონზე უფრო შთამბეჭდავი ხდება. აქვე წარმოვიდგინოთ, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს ამდენ ტრავმა რომ არ მიიღოთ?!
შევხედოთ ,,ლესტერს'', ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი მთელი ,,ლესტერისთვის'' სულისჩამდგმელი ფიგურები არიან, მაგრამ მათ არაჩვეულებრივი დაცვის ხაზი ჰყავთ შმეიხელის, ჰუტის, ფუქსის, სიმპსონისა და მორგანის სახით. ისინი ერთად ინგლისის ჩემპიონატის 160 შეხვედრიდან 145–ში გამოვიდნენ.
სმოლინგი და ბლინდი ის იშვიათი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც თითქმის ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, მათმა თამაშმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ოთხეულისთვის ბრძოლაში. ამ სეზონში ისინი 92–ჯერ გამოვიდნენ მოედანზე ერთად და შეუძლიათ ეს მაჩვენებელი ასამდე აიყვანონ სეზონის დასრულებამდე.
ბურთების არ გაშვება შეიძლება აღმოჩნდეს ის მთავარი მიზეზი, რითაც ,,იუნაიტედი'' შეძლებს ოთხეულში მოხვედრას და რითაც შეიძლება შეფასდეს ის, თუ რამდენად წარმატებული იყო 2015/16 სეზონი.
წყარო: MANUTD.COM