პეტერ შმეიხელს სჯერა, რომ უეინ რუნის ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვა მართოს, მაგრამ თვლის, რომ ინგლისელმა კაპიტანს თავისი როლის შეცვლის სურვილი უნდა ჰქონდეს.
ტრავმირებული უეინ რუნის არყოფნის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელად მარკუს რეშფორდი გვევლინება, ხოლო მეორე ფორვარდი, ენტონი მარსიალი მარჯვენა ვინგერად.
ლეგენდარულ დანიელ მეკარეს მიაჩნია, რომ ცენტრალური თავდამსხმელის როლში სწორედ "მონაკოს" ყოფილი შემტევი უნდა გამოიყენოს ვან გაალმა.
"იმედი მაქვს მარსიალი ნომერი ცხრის პოზიციაზე ითამაშებს. მის ხილვას რეშფორდის პოზიციაზე ვისურვებდი. მართლაც მინდა, რომ მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნომერი ცხრა იყოს.
ვფიქრობ, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესვლისას კარგად მოქმედებს, მაგრამ შუაში უფრო სახიფათოა".
კლუბის კაპიტანი უეინ რუნი "სანდერლენდთან" მატჩში თებერვალში მიღებული ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს და როგორც მოსალოდნელია, "ტოტენჰემთან" მატჩში გუნდს უნდა დაუბრუნდეს.
"უეინს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. თუ უეინს ჰკითხავთ, ის გიპასუხებთ, რომ ნომერი ათის პოზიციაზე სურს თამაში.
მაგრამ მე რუნის ნახევარმცველად ვიხილავდი. თითქმის ისე შეუძლია თამაში, როგორც პოლ სქოულზს შეეძლო. დარწმუნებული ვარ, ნახევარდაცვაში სათამაშოდ ძრავას აამუშავებს.
უეინის ხედვა, ფეხბურთის მისებრი აღქმა ნამდვილად სასარგებლო იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" სათამაშო სტილისთვის.
მას შეუძლია გრძელი პასების კეთება. ორთაბრძოლებში შედის, ბურთის მოპოვება შეუძლია და დაცვაც. მაგრამ უეინს ამ პოზიციაზე თამაში უნდა უნდოდეს".