მორგან შნეიდერლინი "ევერტონთან" მატჩის წინ.
მორგან შნეიდერლინს მიაჩნია, რომ "კანფეტების" დამარცხება რთული იქნება, რადგანაც "ევერტონმა" წელს მხოლოდ ერთი თამაში წააგო გასვლაზე.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვირას "ევერტონს" უმასპინძლებს და "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
სეზონის პირველი შეხვედრა "წითელ ეშმაკებსა" და რობერტო მარტინესის გუნდს შორის, "იუნაიტედის" საუკეთესო თამაშად ითვლება მიმდინარე სეზონში- "წითლებმა" 3-0 მოიგეს, შნეიდერლინმა კი 1 გოლი გაიტანა.
"რობერტო მარტინესის მოსვლის შემდეგ ბურთის ფლობით თამაშობენ, ბურთი ხშირად უჭირავთ და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. სწრაფი, ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები, ყველაფერი ერთად არის შერწყმული.
ამ სეზონში სახლში ბევრი გამარჯვება ვერ მოიპოვეს, რაც გასაკვირია, რადგან "გუდისონ პარკი" ყოველთვის რთულად სათამაშო ადგილი იყო სტუმრებისთვის, მაგრამ კარგი შედეგი აქვთ გასვლაზე, მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, ასე რომ, ძალიან რთული მატჩი გვექნება, რადგანაც გასვლაზე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. მათი სისუსტეების გამოყენება კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული", - განაცხადა ფრანგმა ნახევარმცველმა.
დადებითი შედეგი "იუნაიტედს" კიდევ უფრო მიუახლოებს ოთხეულს, სადაც დეკემბერში "ბორნმუთთან" დამარცხების შემდეგ აღარ შესულან. შნეიდერლინი აღნიშნავს, რომ ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და გუნდი თამაშს შესაბამისად მიუდგება.
"ჩვენთვის ყოველთვის ასეა, ყველა გუნდს სურს "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსვლა და გამარჯვება, სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩია მათთვის. ასე რომ, ეს მატჩი არაფრით განსხვავდება სხვებისგან. შესაძლოა, "ევერტონის" ფეხბურთელები გასვლაზე უკეთ გრძნობენ თავს, მაგრამ ჩვენ მათ რთულ შუადღეს ვპირდებით"."გუდისონ პარკზე" გატანილი გოლი შნეიდერლინისთვის ამჟამად უკანასკნელია. მორგანს არასდროს გამოუჩენია თავი "ოლდ ტრაფორდის" პუბლიკის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ თავი არ დაუმკვიდრებია გოლეადორ ნახევარმცველად, შნეიდერლინი კიდევ ერთი გოლის გატანის მოლოდინშია და სჯერა, რომ "იუაიტედის" გულშემატკივრის წინაშე მოახერხებს თავის გამოჩენას.
"თითებს ვაჯვარედინებ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჩემს პირველ გოლს რაც შეიძლება მალე გავიტან. ბოლო მატჩებში რამდენიმე შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე და ახლა "ოლდ ტრაფორდზე" გატანას ვცდილობ.
როცა პირველად მოვედი, უდიდესი მოლოდინი მქონდა, რა თქმა უნდა, მინდოდა ტიტულისთვის მეთამაშა და პირდაპირი გავლენა მქონოდა ყველაფერზე.
სეზონის მიმდინარეობისას კვირიდან კვირამდე სულ უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს და, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. ვიცი, ამას შევძლებ, რადგან ჩემი შესაძლებლობების მჯერა".წყარო:
manutd.com