დავიდ დე ხეამ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონის" წინააღმდეგ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელს სურს, იგივე თამაში კვირასაც გაიმეოროს.
გასულ თვეში ჩადენილი გმირობების შემდეგ "იუნაიტედის" მეკარემ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და "კანფეტების" წინააღმდეგ გასულ სეზონში მოპოვებული გამარჯვება გაიხსენა, როცა მან ლეიტონ ბეინსს პენალტი აუღო. გარდა ამისა, მან უმაღლესი დონის სეივები განახორციელა, მათ შორის ორი, მატჩის მიწურულს.
"როგორც მეკარეს, ასეთი ტიპის თამაშები გჭირდება- იგერიებ პენალტს, აკეთებ ორ ან სამ კარგ სეივს და მატჩს იგებს. ეს იდეალური თამაშია.
რთულია იმის ახსნა, რას განიცდი, როცა სეივს აკეთებ. იმდენად ბედნიერი ვიყავი "ოლდ ტრაფორდის" ხილვისას იმ დღეს, რომ ეს საოცარი იყო. "ოლდ ტრაფორდი" ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ, როცა გუნდი კარგად თამაშობს და მოვლენები კარგად ვითარდება, გოლებს იტან და მატჩებს იგებ, დაუჯერებელი ატმოსფერო იქმნება.
მართლაც განსაკუთრებული თამაში იყო ჩემთვის. კარგად მახსოვს. როგორ მიმღეროდა ხალხი. ჩვენ გავიმარჯვეთ და იმედი მაქვს, კვირასაც მოვახერხებთ იმავეს", - განაცხადა ესპანელმა მეკარემ.