ლუი ვან გაალი მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე საუბრობს.
ლუი ვან გაალი სერ ალექს ფერგიუსონის მადლიერია მხარდაჭერისთვის, მაგრამ შესანიშნავად აცნობიერებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პოსტს მოვლენათა არასასურველი განვითარების შემთხვევაში დატოვებს.
ინგლისის 20-გზის ჩემპიონებს კიდევ ერთი წარუმატებელი სეზონი გამოუვიდათ და საუკეთესო რამ, რისი იმედიც მათ შეიძლება ჰქონდეთ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და ინგლისის თასის მოგებაა.
ეს შედეგები ანარეკლიც კი არ არის სერ ალექს ფერგიუსონის წარმატებებისა, მაგრამ "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ჰოლანდიელი სპეციალისტი დაიცვა და გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდა.
ვან გაალმა მადლობა გადაუხადა სერ ალექსს ასეთი მხარდაჭერისთვის, მასთან ერთად კი სერ ბობი ჩარლტონს, აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს, სამმართველო დირექტორ რიჩარდ არნოლდს და დირექტორ დევიდ გილს.
"ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად დავრჩები, თუკი ოთხეულში შესვლას ვერ შევძლებთ, რადგან, ჩემი აზრით, ხელმძღვანელობამ წლის დასრულების შემდეგ შედეგები უნდა შეაფასოს. ეს ნორმალურია და მე წინასწარ გამოცნობა არ შემიძლია, რადგანაც ფაქტები არ ვიცი.
ჯერ ფაქტებს უნდა გადახედო, ამას ყოველთვის ვამბობდი. შედეგები და ტიტულები, ასევე ჩემპიონთა ლიგის პოზიცია მხოლოდ 15 მაისს შეიძლება ითქვას, "დიახ, ეს ასეა, ან ისეა".
შემდეგ უნდა შეაფასო პირობები, რომელშიც მუშაობა მიხდებოდა. ამის მაგალითია სერ ალექს ფერგიუსონის ინტერვიუ.
მე რაციონალური ადამიანი ვარ. ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა რაღაც აუცილებლად უნდა მოიგოს, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვმუშაობ ამაზე", - განაცხადა ვან გაალმა.
ვან გაალმა აღიარა, რომ "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ "იუნაიტედისთვის", რომელიც "ევერტონს" უმასპინძლებს, ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია.
სატურნირო ცხრილში "წითელი ეშმაკები" მეექვსე ადგილს იკავებენ და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "სიტის", 13 აპრილს კი კლუბი "ვესტ ჰემთან" ინგლისის თასზე გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
როცა ჰკითხეს, გააკვირვებდა თუ არა სამსახურის დაკარგვა იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" ოთხეულში ვერ შევიდოდა, ვან გაალმა უპასუხა:
"ვერ გეტყვით, რადგან მომდევნო რვა მატჩის შედეგი არ ვიცი.
შეფასება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ჯამური ფაქტები გაქვს ხელში, ახლა კი ვერაფერს გეტყვით ვერც მე, ვერც ხელმძღვანელობა, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს სათამაშო.
ასევე უნდა ვეთამაშოთ "ვესტ ჰემ იუნაიტედს", მერე "ევერტონს", მერე კი ფინალია".წყარო:
skysports