"მანჩესტერ იუნაიტედი" დახმარებისთვის "სიტის" კიდევ ერთხელ მიმართავს.
Daily mail იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზად არის, "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებები გამართოს "ეტიჰად სტედიუმზე" რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარების თაობაზე.
როგორც ცნობილია, ინგლისური სტადიონებისთვის შემუშავებული
ახალი წესდების გამო "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდის" სამხრეთი ტრიბუნის ტევადობის გაზრდას 7500 ადგილით აპირებს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოდერნიზაციის სამუშაოები 2017 წლის მაისის ბოლოს დაიწყება, მშენებლები პრემიერ ლიგის ახალი სეზონის ოფიციალურ სტარტამდე მისი დასრულების გარანტიას ვერ იძლევიან.
სამშენებლო კომპანია DKJ Building Services-ს აღმასრულებელი დირექტორის, ალექს მელფორტეინის თქმით, სამშენებლო სამუშაოები მინიმუმ ოქტომბრამდე გაგრძელდება:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მოდერნიზაციის ხუთი სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და თითოეული მათგანის განხორციელებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ორი თავისუფალი საზაფხულო თვეა.
დროის უმცირესი საჭიროების პროექტიც კი 4 თვეს მოითხოვს, ხოლო თუ დამკვეთი მოდერნიზაციის სხვა ვარიანტს აირჩევს, სამუშაოები საშობაო არდადეგებამდეც შეიძლება გაგრძელდეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებს ვადები გავაცანით და ახლა მათ გადაწყვეტილებას ველოდებით".კლუბისთვის ნათელია, რომ "მანჩესტერ სიტის" სტადიონზე დროებით გადასვლას გულშემატკივართა პროტესის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ რამდენიმე სხვა ვარიანტსაც განიხილავს, კერძოდ, "ბოლტონთან" "მაკრონ სტედიუმზე" ასპარეზობის უფლებას. თუმცა "ბოლტონის" სტადიონი მხოლოდ 29 ათას მაყურებელს იტევს, ხოლო "ეტიჰადი" 55 ათასს.
ასევე ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა "ენფილდის" დაქირავების ვარიანტს არც კი განიხილავს, რადგან ეს გადაწყვეტილება საფრთხეში ჩააგდებდა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, რომლებსაც ლივერპულში ჩასვლა თვეში რამდენიმეჯერ მოუწევდათ.
წყარო:
manutd.ru