ანხელ დი მარიამ ლუი ვან გაალი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მას სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებდა და განაცხადა, რომ "პარი სენ-ჟერმენში" ტიტულების მოსაგებად გადავიდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც პსჟ-ს რიგებში გადავიდა და ფრანგთა წამყვანი ფეხბურთელი გახდა. დი მარია უკვე არის საფრანგეთის ჩემპიონი, გარდა ამისა, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც იბრძვის.
28 წლის ფეხბურთელმა ახსნა, თუ რატომ ვერ მოახერხა პრემიერ ლიგაში თავის გამოჩენა: "ასეთ რამეს არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ნათელია, რომ თავის დამკვიდრება ნამდვილად არ მაცალეს და მეც ვერ შევძელი. წავედი, გუნდი კი ისევ ისე თამაშობს. ევროტურნირებიდან გავარდნენ, პრემიერ ლიგის ჩემპიონობასთან ახლოსაც კი არ არიან.
არა მგონია, ეს ჩემი ბრალი ყოფილიყო, არც ჩემი თანაგუნდელების ბრალია. ყოველთვის, როცა შესაძლებლობა მეძლეოდა, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, მაგრამ ამას ისეთი შედეგი არ ჰქონია, როგორის იმედიც მქონდა.
ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა, არა მხოლოდ ბედნიერების, არამედ რაღაცის მოგების გამო. ჯერ ერთ პოზიციაზე მათამაშებდნენ, მერე მეორეზე. ერთ პოზიციაზე თამაშისას გოლები გამქონდა, მერე უცებ მომდევნო თამაშში სხვა პოზიციაზე აღმოვჩნდებოდი.
ვფიქრობ, ამან არ შემიწყო ხელი თავის დამკვიდრებაში. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის სად ათამაშებს, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთელი პოზიციაზე თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს და მას ეგუებოდეს".