თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 8457,
კომენტარები: 5
კევინი
თავი XIII
კევინი
ერთ დროს პოპულარული იყო შეძახილი: "ნევილები თუ თამაშობენ ინგლისის ნაკრებში, მეც შევძლებ". ხუმრობა ხუმრობად იყოს, მაგრამ ინგლისის ნაკრებში კევინ კიგანის მუშაობის დროს დიდი სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს ტრიბუნაზე მყოფ ამ კლოუნებს. საერთოდ, ჩემი ქვეყნის რიგებში თამაშის გამო უდიდეს სიამაყეს ვგრძნობდი, თუმცა "იუნაიტედი" ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. მაგრამ კიგანის დროს საქმე ისე ცუდად მიდიოდა, რომ ბედნიერებად ვთვლიდი განაცხადს მიღმა დარჩენას ან ტრავმის გამო მატჩის გამოტოვებას.

კევინის ბრალი არ იყო. ნაკრებში მისი მოსვლა ჩემი კარიერის ყველაზე ცუდ პერიოდს დაემთხვა. ჩემში არსებული თავდაჯერებულობის ნარჩენებიც კი დავკარგე და რაღაც ისე ვერ გამოვიყურებოდი როგორც ნაკრებში, ისე კლუბში. მაგრამ ინგლისის ნაკრების მწვრთნელისთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისი ნებისმიერი შეცდომა წარმოუდგენელ ზომებში გამოიკვლევა. ყოველი არასწორი ნაბიჯი მთელი მასიური საინფორმაციო საშუალებების და ყოველი პაბის ყბადაღებული თემა გახდება. გარდა ამისა, რაღა უნდა ვთქვა- კევინი თვითონაც ამბობდა, რომ მოთხოვნილ დონეს ვერ შეესაბამებოდა.

ევრო-2000-ის მთელი შესარჩევი ეტაპის პერიოდში ჩვენი სტრატეგია ძლიერ მოიკოჭლებდა. მარტო ის რად ღირს, რომ სოლ კემპბელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოგვევლინა შოტლანდიის წინააღმდეგ პლეი-ოფის მატჩში- კევინი ვერაფრით გაერკვა, ოთხი მცველით ეთამაშა თუ ორი ლატერალით. არცერთ ჩვენგანს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორი იყო გუნდის ძირითადი შემადგენლობა და საერთო სურათიც დაქსაქსული ჩანდა.

დაკარგულობის შეგრძნება არსად გამქრალა, მაშინაც კი, როცა ფინალურ ტურნირზე ბელგიაში ჩვენს ბაზაზე მივედით. დასაწყისიდანვე ცუდი შეგრძნება მქონდა. არა, ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაში დიდი პატივია, აქ ვერაფერზე იჩივლებ. მაგრამ, როცა ქალაქ სპას ბნელ ძველ სასტუმროში დაგვასახლეს, ჩემი ნივთები ჩემი ნომრის შუაში დავალაგე და საკუთარ თავს ვუთხარი: "გრძელი კვირები მექნება". განწყობა ცუდზე უარესი მქონდა, ტურნირი კი ჯერ არ დაწყებულიყო.

ფორმაში ვერ ვიყავი, მთელ გუნდშიც კი წარმოსახვის ნაკლებობა იგრძნობოდა. როგორც ჩანს, კევინს ჩვენგან ტიპიური ინგლისური გუნდის შექმნა სურდა- ძლიერი და სწრაფი. მაგრამ იმისთვის, რომ ამაზე თუნდაც დაფიქრდე, გუნდში ახალგაზრდა სწრაფი ფეხბურთელი უნდა გყავდეს, ჩვენ კი ძალიან ნელები ვიყავით. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო ჩემი კარვიდან- ერთგვარი ნებრასკელი მუშები. ნახევარდაცვაში ინსი და ბატი თამაშობდნენ- არცთუ ყველაზე კრეატიული ფეხბურთელები. მარჯვნივ დიდებული ბექსი მოქმედებდა, მაგრამ მარცხენა ფლანგზე დენის უაიზის დაყენება თვითმკვლელობას უდრიდა. საბოლოოდ, გუნდში საერთოდ არ იყო ცაცია და მარცხენა ფლანგიდან დაცვას ვერავინ გაარღვევდა.

ზოგჯერ კევინს არ უმართლებდა- სტივ მაკმანამანმა ჩემპიონატის პირველივე მატჩში მიიღო ტრავმა; ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ სახელგანთქმული სტივენ ჯერარდიც დაშავდა. ბრწყინვალე ახალგაზრდა მაიკლ ოუენს კი მწვრთნელთან საუკეთესო ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონდა და ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი მწვავე შელაპარაკებები. მაიკლმა სახელი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაითქვა და არ ეთანხმებოდა იმ როლს, რაც კევინმა მას გუნდში არგუნა. ეს იყო პირადში გადაზრდილი პროფესიონალური კონფლიქტი. კევინი თვლიდა, რომ ოუენს სიღრმეში უნდა ეთამაშა და ბურთი კარისკენ ზურგით მდგომს უნდა მიეღო, მაიკლს კი მიაჩნდა, რომ ასე მხოლოდ ტყუილად დახარჯავდა თავის ნიჭს.

მაგრამ მაიკლის ცუდი განწყობა მხოლოდ ნახევარი უბედურებაა. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ საშინლად ნელები ვიყავით- ალბათ, ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ნელი გუნდი. ორი ნევილი, კიოუნი და ადამსი. ბატი, ინსი, უაიზი და ბექჰემი, წინ ოუენი და შირერი, რომელიც გუნდიდან ტურნირის დასრულებისთნავე წავიდა. 30 წელიც რომ გვეთამაშა, ვერაფერს მივაღწევდით. ახლოსაც კი არ ვიყავით მოთხოვნად სიკარგესთან. ტურნირიდან ჩვენი გავარდნის მიზეზი ჩემი ძმის საშინელი შეცდომა გახდა, მაგრამ რომ დაუფიქრდე, მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ უფრო მეტი დამცირება თავიდან აგვარიდა.

გუნდში არსებული სპორტული პრობლემების გარდა, ძლიერ მძაბავდა სპორტულ თამაშებთან დაკავშირებული სიტუაცია. ჭარბი გატაცება ნებისმიერ საქმეში მავნეა, ხოლო დრო, რომელსაც დოღსა და ბანქოზე ხარჯავდნენ, არავითარ ჩარჩოში არ თავსდებოდა. ძველი სკოლის ჩვევები იყო, შეხედულებები დისციპლინაზე და მზადება მატჩებისთვის კი კარდინალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც "იუნაიტედში" იყენებდნენ. ათი წუთი ავტობუსით სავარჯიშო მოედანზე, ბანქო კი სწორედ რომ. ჩვენ ვაგებთ მატჩს, სათამაშო სახლი კი კვლავ ღიაა.

ნებისმიერ გუნდშია ფეხბურთელი, რომელიც ბანქოს თამაშებით ერთობა, არც აქ იყო გამონაკლისი. "იუნაიტედში" თუ ბანქოს ვთამაშობდით, მხოლოდ არასერიოზულ თანხებზე. რომც მოგვენდომებინა, მწვრთნელი უმალ აგვიკრძალავდა. ბანქო- ეს გასახდელის გასაჭირია. მახსოვს ის ერთადერთი შემთხვევა, როცა თამაშში სერიოზულად ჩამითრიეს. მალაიზიაში წინასასეზონო ტურნეზე ვიმყოფებოდით და იორკის, კინოს, ბატის, გიგზის, სქოულზისა და ტედისთან ერთად სათამაშოდ ჩამოვსხედით- ფსონი 100 ფუნტს შეადგენდა. ჩემი განსაზღვრებით, სერიოზული თანხა იყო და თამაშმა მთლიანად მშთანთქა. დასაძინებლად ყვავის ვალეტსა და აგურის მეფეზე ფიქრით დავიძინე. აზარტული თამაშები გიმონებენ. მესმის, რატომ მიისწრაფიან ფეხბურთელები ამისკენ- ბევრ ფულს იგებენ და თან სასტუმროში ბევრ დროს ატარებენ. მაგრამ ერთ ღამეში 50 ათასის წაგებამ და დასაძინებლად ღამის 2 საათზე დაწოლამ- საეჭვოა, კონცენტრაციაზე კარგი გავლენა იქონიოს. ევრო-2000-ზე კი ჩვენი ფეხბურთელები ყოველგვარი მოთმინების გარეშე თამაშობდნენ.

ეს სოციალური კუთხითაც ცუდია- როცა გუნდში 10 ადამიანი ბანქოს თამაშობს ან რბოლებს აკვირდება, კოლექტივში განხეთქილება ჩნდება. ევრო-96-ზე რამდენიმე ადამიანი აკეთებდა ფსონს, მაგრამ საფეხბურთო მატჩზე, მას კი ერთად ვუყურებდით და ვახლოვდებოდით. ბელგიაში რამდენიმე ადამიანი შეიკრიბებოდა ოთახში და ერთ ფსონად 1000 ფუნტს აწესებდა. რას არ ამბობდნენ გლენ ჰოდლის შესახებ, მაგრამ ასეთ რამეს არასდროს დაუშვებდა.

ბევრი ჩვენგანი საგონებელში ჩავარდებოდა, როცა პორტუგალიასთან პირველივე მატჩში 2:0 ვიგებდით. ზოგმა, ალბათ, ტურნირზე გამარჯვების პრეტენდენტებადაც ჩაგვთვალა, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა. ლუიშ ფიგუმ 30 მეტრიდან შესანიშნავი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში- აკურატი ადამსის ფეხებს შორის, მესამე გოლის მომენტში კი პოზიცია არასწორად შევარჩიე და ტონი ვერ დავაზღვიე. ერთი სიტყვით, ვითამაშე ზუსტად ისე, როგორც ბოლო ხუთ თვეში. ანგარიშში 2:0 დაწინაურებულებმა, 2:3 წავაგეთ.

ჩვენი მომდევნო მეტოქე იყო გერმანია- ჩვენი მოსისხლე მტერი. სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩვენი მატჩი ასეთი არასანახაობრივი გამოდგებოდა. 1:0 გამარჯვება როგორღაც გამოვგლიჯეთ- არც კი ვიცი, როგორ. მატჩის შემდეგ გასახდელში ეიფორია გამეფდა, კევინმა კი განაცხადა, რომ თუ მომდევნო მატჩს მოვიგებდით, კრიტიკოსებს დავადუმებდით.

მე კი ვორჭოფობდი, კიდევ რამდენ დროს გავატარებდით ძილში. მრცხვენია აღიარების, მაგრამ მესმოდა, რომ ეს გუნდი არ იყო იმდენად კარგი, რომ რამე სერიოზულისთვის მიეღწია, მაგრამ ჩემი ფორმა- მთელი სათამაშო კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდი იყო. ცხადი ხდებოდა, რომ გუნდი ჯერ კიდევ ვერ იყო ერთი მთლიანი სხეული. როგორც ფსიქოლოგი, კევინი ძალიან კარგი იყო. გლენის გუნდი დანაკუწებულ მდგომარეობაში მიიღო და ფეხბურთელებთან პირისპირ საუბრისას თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. შესანიშნავი ადამიანია, ენთუზიაზმით სავსე და ფეხბურთი უყვარს. მაგრამ როგორც სტრატეგოსი, მოიკოჭლებდა- სათამაშო გეგმა არ გვქონდა და არ ვიცოდით, რა სურდა მწვრთნელს ჩვენგან. კევინის და გლენის საუკეთესო თვისებები რომ აგვეღო, ინგლისის ნაკრები შესანიშნავ მწვრთნელს მიიღებდა. მაგრამ ცალ-ცალკე საქმეს ვერცერთმა გაართვა თავი.

კევინისგან არაფერი გვისწავლია. სამწვრთნელო შთაბში 7-8 ადამიანი იყო, ყველა კარგი ადამიანი, როგორიც პიტერ ბირდსლი, დერეკ ფაზაკერლი, არტურა კოქსი და ლეს რიდი, მაგრამ ტაქტიკას ვერ გვასწავლიდნენ. აბსურდამდე დავდიოდით- მომდევნო მეტოქის შესახებ ლესის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ლექციაზე კევინს ჩაეძინა. პირველ რიგში იჯდა და კარგად ვხედავდით, ცხვირიდან როგორ სდიოდა. გაღვიძებულს ხარხარის ტალღა დახვდა. ახლა რთულია ამის დაჯერება, მაგრამ მაშინ გვეცინებოდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში რუმინეთთან ფრეც გვყოფნიდა, მაგრამ მეტოქემ გაგვიტანა. მერე ალანმა ანგარიში გაათანაბრა პენალტიდან, ხოლო მაიკლმა დაგვაწინაურა. მაგრამ ისევ გავუშვით და თამაშმა ნერვიული ხასიათი მიიღო. ზედიზედ რამდენიმე პასს ვერ ვაკეთებდით და თამაშმა საბოლოოდ დაკარგა მნიშვნელობა. 89-ე წუთზე ვაიორელ მოლდოვანი გვერდით ხაზთან გაიჭრა და ფილმა გაზონზე დაანარცხა. ბურთის საუკეთესო წართმევა ნამდვილად არ ყოფილა, ფილი ფეხზე უნდა დარჩენილიყო. იოან განიამ პენალტი გამოიყენა და ჩვენ გამოვვარდით.

ფილი გასახდელში იჯდა და მის დამშვიდებას ვეცადე: "ნეხვივით ვთამაშობდით, ფილ, ადრე თუ გვიან მაინც მოგვისვრიდნენ". მეც ისევე საშინლად ვითამაშე, როგორც დანარჩენებმა და იმავე დოზით დავიმსახურე კრიტიკა. მაგრამ ინგლისში განტევების ვაცის ძიებას აღმერთებენ, ამიტომ ქვეყანაზე დაბოღმილს ჩემი უმცროსი ძმის დაცვა მინდოდა. მახსოვს, რას გრძნობდა ბექსი 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ფილს ასე ცუდად არ მოქცევიან, მაგრამ მასაც საკმაოდ მოხვდა. სახლში მისულს კარზე დამწვარი მაისური და ბაღის კედელზე წარწერები ელოდა. ვფიქრობ, ამის გამო მადლობა უნდა ვუთხრათ პრესას- მეეჭვება, როსენდეილში ასეთი სისულელე ვინმეს მოეფიქრებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მეტისმეტი იყო.

ვნანობდი, რომ ეს ვარდნა მე არ განვახორციელე, მაგრამ ვისაც არ უნდა წაექცია, ნევილების შესახებ შეძახილების რამდენიმე დეციბელით უფრო ხმამაღლა გაჟღერება გარანტირებული იყო. ევრო-2000-ის შემდეგ ფილს გავეხუმრე, რომ მის გამო არ ვუყვარვართ ორივე, თუმცა მას უფლება ჰქონდა ემტკიცებინა, რომ მთელი წინა წლის შეურაცხყოფებზე პასუხისმგებელი მე ვიყავი. "იუნაიტედში" თამაშისას ყოველთვის ვთვლიდი, რომ კრიტიკის დოზა აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ამის საფუძველი შენ თვითონ მიეცი. არასდროს ვწუხდი უმკაცრეს კრიტიკაზეც კი და სანამ გუნდი თასებს იგებდა, შეძახილები ყურამდეც კი არ მოგვდიოდა არც მე, არც ჩემს ოჯახს. მაგრამ ინგლისელი გულშემატკივრების მხრიდან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შეურაცხყოფა იდიოტიზმის მწვერვალია. გულახდილად რომ ვთქვა, ძალიან რთულია შენი ქვეყნის ღირსების დაცვა, თუ მხარდაჭერას არ გრძნობ. ხოლო თუ ახალგაზრდა ხარ, სერიოზულად გავნებს. ჩვენს შემთხვევაში ეს 1998 წელს დაიწყო და რამდენიმე წელს გრძელდებოდა. და ფილის ვარდნა, რა თქმა უნდა, ნევილებს პოპულარულობას ვერ მატებს.

ველოდი, რომ კევინი ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც იმუშვებდა- თავისი ქვეყანა უყვარდა, ნაკრები უყვარდა და ასეთ მინორულ ნოტაზე წასვლა ნამდვილად არ უნდოდა. მაგრამ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. ყველაფერი იმაზე ცუდად დასრულდა, ვიდრე ველოდი: ახალი შესარჩევი ციკლის პირველივე მატჩში გერმანიასთან დავმარცხდით. ძველ "უემბლიზე" ბოლო თამაში გვქონდა, ჩვენ კი წავაგეთ. გერმანელები ბევრით არ გვჯობდნენ- საზიზღრად ითამაშეს, მაგრამ ნაკლებად საზიზღრად, ვიდრე ჩვენ. კევინმა ნახევარდაცვაში გარეტ საუთგეითი გამოიყვანა, ინსი კი სკამზე დატოვა, მაგრამ განსხვავებას ვერ მივხვდი.

მეც ისეთივე ცუდი ვიყავი, როგორც მთელი გუნდი. ფიზიკასთან დაკავშირებული პრობლემები მეც მქონდა, ამიტომ შვება ვიგრძენი, როცა მწვრთნელმა შესვენებაზე შემცვალა. სწრაფი ფეხბურთელები გვჭირდებოდა, კირონ დაიერი კი კარგი სისწრაფის პატრონი იყო. თამაშში ვერაფრით დავბრუნდით და მატჩის შემდეგ კევინს გასახდელში ელოდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ატმოსფერო. იმ დროისთვის შხაპი უკვე მიღებული მქონდა და გამოვიცვალე, მაგრამ ფეხბურთელთა უმეტესობა სკამზე დარჩა, თავები დაეხარათ. კევინმა, თავისთვის ჩვეულ სტილში თამაშის შესახებ დაიწყო: "ბიჭებო, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. თავდადებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არა მაქვს". და აქ მცირე პაუზა, წყალი გადაგვასხა: "ბოლომდე ვჩერდებოდი. მივდივარ".

შეძრწუნებულები ვიყავით. მეორე ტაიმს გვირაბიდან ვუყურებდი, რომელიც ტრიბუნებსქვედა განლაგებისკენ გადიოდა და მესმოდა, გულშემატკივარი როგორ სკანდირებდა "ეს რა სირობაა!" და კევინის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმოდა, როცა გვერდით ჩაუარა. მასზე ზეწოლა ცხადზე ცხადად ხდებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მივიდოდა. არტურ კოქსი მწვრთნელის დაშოშმინებას ეცადა: "დაწყნარდი, კევინ. ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდე". ტონი ადამსმაც რაღაც მსგავსი თქვა, მაგრამ კევინი შეუდრეკელი გამოდგა: "არა, უკვე გადავწყვიტე. ყველაფრისთვის გმადლობთ, თქვენთან ერთად მუშაობა შესანიშნავი იყო. მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო". ამ დროისთვის გასახდელი უკვე სანაკრებო ფუნქციონერებს შეევსოთ- დევიდ დევისს, ადამ კროზიერს და პრეს-სამსახურს. ყველანი ჯგუფებად გაიყვნენ და რაღაცას განიხილავდნენ. როგორც ჩანს, საფეხბურთო ასოციაციას მორიგი კრიზისი დაეწყო.

აი ასე დასრულდა ის სამწუხარო დღე. ეჭვგარეშეა, ჩემს სანაკრებო კარიერაში ამაზე დაბლა არასდროს დავცემულვარ. "იუნაიტედში" ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა- ყოველ წელს ვიგებდით ტიტულებს, დიდებულ თამაშს ვაჩვენებდით და გოლები შეკვრებით გაგვქონდა. უბედური ინგლისის ნაკრებში თამაში კი მხოლოდ იმედგაცრუების მთებს მიდგამდა. იმ დღის ერთადერთი კარგი ამბავი ის იყო, რომ ამ საზიზღარ არენაზე თამაში აღარ მოგვიხდებოდა.

კევინის გადადგომას არ ველოდი, მაგრამ მისმა საქციელმა პატივისცემა გამოიწვია. ბევრი ვერ შეძლებს აღიაროს, რომ სამუშაოს თავი ვერ გაართვა, მით უმეტეს პირდაპირ ეთერში. ალბათ, კევინი მართალი იყო- მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მის ადგილას ბევრი ხელფასს აიღებდა და გაძევებას დაელოდებოდა. მაგრამ კევინს ვაჟკაცობა ეყო, სახალხოდ ეღიარებინა, რომ გადადგებოდა.

მისი წასვლიდან რამდენიმე დღეში ფინეთის ნაკრებთან თამაში გველოდა და საფეხბურთო ასოციაციას შემცვლელის პოვნა ესაჭიროებოდა. ამგვარად, სცენაზე გამოჩნდა ჰოვარდ უილკინსონი- ეს მისი მეორე შემთხვევა იყო, როცა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. და ორივე შემთხვევაში მატჩის განაცხადში ვერ ვხვდებოდი. როგორც ჩანს, ჰოვარდს ეგონა, რომ ამის გამო ძალიან ვდარდობდი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვიცოდი რა მისი სამწვრთნელო მეთოდები, არავითარ მწველ სურვილს არ განვიცდიდი მის გუნდში თამაშისა. მახსოვს, 1999 წელს, ფრანგებთან თამაშამდე როგორც გვთხოვდა ცენტრალური ხაზიდან საჯარიმო დარტყმების დამუშავებას. ორი ცენტრფორვარდი და ორი ცენტრალური მცველი საჯარიმოს ხაზზე უნდა დამდგარიყო, ბურთი კი ძლიერ ეშვებოდა იქ. მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ მატჩისთვის დასახული ეს გეგმა იმთავითვე უნიტაზში უნდა ჩაგერეცხა. გულახდილად ვამბობ, არასდროს მინახავს მსგავსი რამ "იუნაიტედში". უბრალოდ შეხედეთ ესპანეთს, საფრანგეთს, "რეალს" და ბოლო ათწლეულის "ბარსელონას" და მაშინვე გამოჩნდება, ინგლისის ნაკრები როგორ ჩამორჩა განვითარებაში. ჰოვარდი კი საფეხბურთო ასოციაციის ტექნიკური დირექტორი იყო.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 მარტი 2016 20:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რაღა ესპანეთს და ესპანურ გუნდებს უნდა შეადარო. მაგათ საერთოდ სხვა სტანდარტებს მიაღწიეს და სულ სხვა საფეხურზე დგანან. ბარსელონა დღეს ფეხბურთს კი არა, რაღაც ზღაპარს თამაშობს. მაგისთვის ინგლისს არ ჰყავს შესაბამისი ფეხბურთელები და აზრიც კი არ აქვს, მაგაზე ფიქრს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
31 მარტი 2016 20:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემი ქვეყნის რიგებში თამაშის გამო უდიდეს სიამაყეს ვგრძნობდი, თუმცა "იუნაიტედი" ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა


ალბათ ინგლისის ნაკრების პირველი პრობლემა სწორედ ასეტი მიდგომაა
0
№3
ავტორი: zeg
31 მარტი 2016 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Dzaan didi xania Manchesteri magra miyvars.Mara inglisis nakrebze uazrod motamashe gundi ar maxsovs( did nakrebebs vgulisxmob)ar mevaseba inglisis nakrebi

Dzaan didi xania Manchesteri magra miyvars.Mara inglisis nakrebze uazrod motamashe gundi ar maxsovs( did nakrebebs vgulisxmob)ar mevaseba inglisis nakrebi
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 მარტი 2016 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოო ნუ გარის პრინციპში ახალი არაფერი უთქვამს, რადგან ინგლისის ნაკრებს ყოველთვის ქონდა მწვრთნელების პრობლემა და არც კევინი იყო გამონაკლისი. თუმცა კევინი რა გასაკვირია, როცა თვით კაპელოსაც არაფერი გამოუვიდა ინგლისის ნაკრებში.
ციტატა: General
ჩემი ქვეყნის რიგებში თამაშის გამო უდიდეს სიამაყეს ვგრძნობდი, თუმცა "იუნაიტედი" ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა


ალბათ ინგლისის ნაკრების პირველი პრობლემა სწორედ ასეტი მიდგომაა

ანუ რაა, რომ ინგლისელი ფეხბურთელები გუნდებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე ნაკრებს???
0
№5
ავტორი: de gea1
23 აპრილი 2016 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ამის ავტო ბოგრაფიას მე გეტყვით ეს რო სტადიონზე იყო ფორა ქონდა მოწინააღმდეგეს სულ მცირე 1 ბურთით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top