ენტონი მარსიალმა "პარი სენ-ჟერმენის" მხრიდან მის მიმართ ინტერესზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო მწვერვალზე დაბრუნებაში თავისი წვლილის შეტანა სურს.
როცა RTL-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, მზად იყო საფრანგეთში დასაბრუნებლად და პსჟ-ში სათამაშოდ თუ არა, ენტონიმ უპასუხა: "შესაძლოა, "იუნაიტედი" ახლა არ არის მწვერვალზე, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში იქნება.
ვფიქრობ, შეტევების უკეთ დასრულებაც შემიძლია. წელს გატანის ბევრი შანსი გავუშვი ხელიდან, მაგრამ მომდევნო სეზონში ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება.
ინგლისში გადმოსვლისას თავიდან ვშიშობდი, რადგან ინგლისური ფეხბურთის ინტენსიურობის შესახებ ბევრი მსმენოდა. მაგრამ მატჩების დროს მივხვდი, რომ ასეთ ტემპს ავყვებოდი და ძალიან გამიხარდა, რადგანაც პატარაობაში მატჩების ბოლომდე დასრულება მიჭირდა. 17 წლის რომ ვიყავი, მითხრეს, ამტანობაზე უფრო მეტი უნდა იმუშაოო.
მიყვარს ინგლისური ფეხბურთი, მართლაც ის არის, რაც მინდოდა".