"ევერტონი" მზად არის, თავის რიგებში გადაიბიროს "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი მაიკლ კერიკი, თუ ეს უკანასკნელი "წითელი ეშმაკებისგან" ახალ კონტრაქტს ვერ მიიღებს.
კერიკის მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, კერიკი კი ზაფხულში 35 წლის გახდება. მცირე ხნის წინ ნახევარმცველმა აღიარა, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა.
ამ სიტუაციით სარგებლობას "კანფეტების" მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი აპირებს, რომელიც კერიკის დიდი გულშემატკივარია.
მაიკლის მოწვევით მარტინესს სურს, 35 წლის გარეტ ბერის საქმე შეუმსუბუქოს. ვეტერანი ფეხბურთელი ასაკის გამო ყოველ თამაშში მონაწილეობას ვერ შეძლებს, მის ნაცვლად კი ესპანელი სპეციალისტი კერიკს გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ "ევერტონს" ადრეც შეუძენია ნახევარმცველები, რომლებიც "იუნაიტედის" დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ. თავის დროზე მერსისაიდულ კლუბში დარონ გიბსონი და ტომ ქლევერლი გადაბარგდნენ.