ახლა, როცა ამას გწერთ, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ჩემს ერთკვირიან ვარჯიშს ვასრულებ. სხვა ეროვნულ ნაკრებებს ჯერ კიდევ აქვთ მატჩები გასამართი, მაგრამ ჩვენ უკვე დავასრულეთ ჩვენი ორი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც სამ დღეში უნდა ჩაგვეტარებინა.
გასულ ხუთშაბათს უდინეში იტალიას ვეთამაშეთ. დასაწყისიდანვე რთული მატჩი გვქონდა. ძალიან კარგად ახდენდნენ ზეწოლას და ნახევარდაცვაში უპირატესობას ქმნიდნენ, რათა მათ საჯარიმოს არ მივახლოებოდით. მაგრამ ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთ და ფრეს გამოვკარით ხელი. გარკვეულ მომენტებში გვაჯობეს, თუმცა თავს კარგად ვიცავდით (დევიდსაც აქვს რაღაც სათქმელი!) და ჩვენი მცირე შანსებიდან ერთ-ერთი გამოვიყენეთ. იტალიამ დაამტკიცა, რომ ამ გუნდს ყოველთვის უნდა უფრთხოდე. ფაქტია, ისინი ევროპის ჩემპიონატის მონაწილენი არიან, ძალიან კარგი გუნდი.
კვირას, კლუჟში, ჩვენი მოწინააღმდეგე რუმინეთი იყო. მათ არ ჰყავთ ისეთივე ცნობილი ფეხბურთელები, როგორიც იტალიას, მაგრამ დაამტკიცეს, თუ რატომ მოხვდნენ ევრო-2016-ზე. მოედანზე დიდებული ატმოსფერო იყო და საბოლოოდ შედეგი მორიგი ფრე: 0-0 გამოდგა.
რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლი იოჰან კრუიფის გარდაცვალების ამბავს. მის შესახებ ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა. მე კი მინდა დავამატო, რომ მას ფეხბურთის იდეალურ მამად მივიჩნევდი; ის, ვის მსგავსადაც თამაშს ვცდილობ და ის, ვისგანაც ყოველთვის ვსწავლობ, როცა თამაშს ვუყურებ. ბურთისა და სივრცის ჭკვიანური გამოყენება, ნიჭის უპირატესობა ფიზიკურ დანამატზე და ფეხბურთის ისე აღქმა, როგორც გუნდურ სპორტს შეეფერება. გარდა ამისა, შეტევისა და მატჩში ინიციატვის ხელში ჩაგდება ძალიან კარგად ერგება ფილოსოფიასა და სიდიადეს "მანჩესტერ იუნაიტედისა", სადაც იორდი, მისი შვილი თამაშობდა. უდიდესი დანაკარგია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვექნება შეგრძნება- "ის იყო თამაში".
გეხვევით და სასიამოვნო კვირას გისურვებთ.
ხუანი
მატას ბლოგი
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.