ექსპერტები ინგლისის ნაკრებში რუნის შესაძლო მოხვედრის შესახებ აზრს გამოთქვამენ.
Sky Sports-ის ექსპერტების აზრით, უეინ რუნი ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა აუცილებლად მოხვდება და ამაზე გავლენას სეზონის ბოლოს ფეხბურთელის სათამაშო ფორმა ვერ იქონიებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა გერმანიის ნაკრებთან შეხვედრა უკვე გამოტოვა, თუმცა ვერც ჰოლანდიელებთან დაპირისპირებას მოახერხებს: მუხლის ტრავმის მოშუშება ჯერ კიდევ გრძელდება და თავდასხმის ხაზს ამჟამად პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები, ჰარი კეინი და ჯეიმი ვარდი შეადგენენ.
ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, როს ბარკლი და დელე ალი კი თავდამსხმელის უკან თამაშზე განაცხადებენ პრეტენზიას, ხოლო უკვე გამოჯანმრთელებული დანიელ სტარიჯი, ალბათ, კვლავ მიიღებს თავის შანსს.
Sky Sports-მა თავის ექსპერტებს სთხოვა, აზრი გამოეთქვათ იმის შესახებ, თუ ვინ ითამაშებდა ეროვნული გუნდის თავდამსხმის ხაზში ზაფხულში.
ჩარლი ნიკოლასი:"თუ რუნი მზად იქნება სათამაშოდ, ვფიქრობ, როი აუცილებლად აირჩევს მას. კეინთან ერთად ითამაშებს, ვარდი კი დარჩება სათადარიგოთა სკამზე, როგორც ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე შესვლა და მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. მე კეინის უკან ბარკლის ან ალის ხილვა უფრო მომეწონებოდა, მაგრამ ჩემთვის, შოტლანდიელისთვის თქმა ადვილია- მთელ ქვეყანას ჩემი იმედი ხომ არ ექნება. ვფიქრობ, რომ ორივე მათგანი ზაფხულში ვარსკვლავი იქნება. ისინი, რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტად იმსახურებენ, ვიდრე რუნი, თუ მხედველობაში ამ სეზონის ფორმას მივიღებთ".
პოლ მერსონი:"ჰოჯსონი რუნის აუცილებლად გაამწესებს სასტარტო შემადგენლობაში. ჩემთვის იგი კვლავ რჩება ნაკრების ფეხბურთელთა სიაში პირველ ადგილზე. თავისი ქვეყნის ნაკრებში 100 მატჩზე მეტი ჩაატარა, ჩვენი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და ჯერ კიდევ დიდებული ფეხბურთელი. წარმოიდგინეთ, რომ ახლა ევროა და რუნი შემადგენლობაში არ არის. ეს შოკი იქნება, რუსეთი კი სიგიჟემდე გაბედნიერდება".
ფილ ტომპსონი:"ევრომდე გამოჯანმრთელდება და, ალბათ, სასტარტოში იქნება- სულერთია, რას ვამბობთ. ჰოჯსონი უეინს გამოცდილების გამო გამოიძახებს, თუნდაც მოედანზე პირველივე წუთებიდან არ გაიყვანოს. მაგრამ თუ მზად იქნება სათამაშოდ, რუსეთთან მატჩში მისი მოედანზე გამოუსვლელობა სიურპრიზი იქნება".
მეტ ლე ტისიე:"ჰოჯსონი რუნის მისი ბოლო დროინდელი ფორმის მიუხედავად გამოიყენებს, რადგან ძალიან ერთგული მწვრთნელია. ის ხომ ამბობდა: თუ მისი კაპიტანი ჯანმრთელია, მოედანზე გავა. საკვალიფიკაციო ეტაპზე რუნი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო, მაგრამ მე სასტარტოში არ დავაყენებდი, "მანჩესტერ იუნაიტედში" მის თამაშს თუ გავითვალისწინებდი. ამასთან ერთად, უნდა გვესმოდეს, რომ არჩევანი გვაქვს პრემიერ ლიგის ორ საუკეთესო თავდამსხმელს შორის, ისევე, როგორც ორ საიმედო ნიჭს შორის- ბარკლი და ალი".