ტიერი ანრის მიაჩნია, რომ უეინ რუნის ცენტრალური როლის მორგება აღარ შეუძლია, მაგრამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებთან ერთად მაინც უნდა გაემგზავროს.
როი ჰოჯსონის გუნდმა გერმანიის ნაკრებს ბერლინში 3-2 სძლია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონები შეხვედრას 2 ბურთის სხვაობით იგებდნენ. შეხვედრაში კი თავის გამოჩენა ჰარი კეინმა, ჯეიმი ვარდიმ და ერიკ დაიერმა შეძლეს.
მატჩის შემდეგ დადგა საკითხი, უნდა მოხვდეს თუ არა "სამ ლომთა" კაპიტანი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ტრავმის მოშუშებისთანავე.
ანრი მხოლოდ ურჩევს როი ჰოჯსონს, რომ რუნი გუნდის მიღმა არ დატოვოს.
"ადრეულ წლებში რუნი ყველგან ითამაშებდა. მისი მოძრაობა და ენერგიის მარაგი გასაოცარი იყო. ერთ წუთში თავის საჯარიმოში იყო და ჩაწოდებულს იგერიებდა, მეორეში კი მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ კონტრშეტევას მიუძღოდა.
მაგრამ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაკეთება და არა მგონია, ინგლისმა ეფექტურად გამოიყენოს ფართოდ მოქმედ მოთამაშედ.
ასე რომ, თუ ჰოჯსონი სასტარტო შემადგენლობაში კეინსა და რუნის გაამწესებს, უნდა ნიშნავდეს, რომ რუნიმ ათაინის პოზიციაზე უნდა ითამაშოს. მაგრამ, თუ ამას იზამს, სად უნდა წავიდეს როს ბარკლი? ასეთი სახის დილემა ნებისმიერ მწვრთნელს მოეწონებოდა", - განაცხადა ანრიმ.
ანრი ასევე აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ნაკრებში ადგილს იმსახურებს.
"შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ინგლისის ნაკრების მსგავსად 2004 წლის შემდეგ რუნისაც არ უთამაშია კარგად დიდ ტურნირებზე. მაგრამ თავის უნარებს პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე წლების განმავლობაში ამტკიცებდა და ტრავმის მიღებამდე "მანჩესტერ იუნაიტედში" კარგი სერია ჰქონდა.
ევროპის საკვალიფიკაციო რაუნდში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 50 გოლი აქვს გატანილი და ამავდროულად მისი კაპიტანია.
ასე რომ, მას ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ქვეყნისთვის და საფრანგეთში უნდა გაემგზავროს. მაგრამ გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ რუნის გარეშე თამაშმა ჰოჯსონს იდეალური შესაძლებლობა მისცა უმაღლესი კლასის მოწინააღმდეგეებთან თავისი გამოსავლის მოსაძებნად", - დაასრულა ანრიმ.