"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვინგერი ლუიშ ნანი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2008 წელს გატანილი 11-მეტრიანი საუკეთესო მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.
ნანი მოსკოვურ ფინალში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, მაგრამ დამატებით დროში მოედანზე უეინ რუნის ნაცვლად შევიდა და მოგვიანებით "იუნაიტედის" მეხუთე პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღო.
სწორედ მისი პენალტის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო, დამარცხდებოდა "იუნაიტედი" თუ კიდევ ექნებოდა ჩემპიონობის შანსი. ნანიმ გაიტანა, ჯონ ტერიმ - ვერა. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.
გასულ ზაფხულს პორტუგალიელმა "იუნაიტედი" დატოვა და "ფენერბაჰჩეში" გადავიდა სათამაშოდ, მაგრამ "ლუჟინი სტედიუმზე" მომხდარი ფაქტები მისი მეხსიერებიდან არ იშლება.
"როცა სათადარიგოთა სკამზე ზიხარ, მოედანზე გასვლის იმედი გაქვს, რადგან ეს ფინალია, უდიდესი მომენტი. და მე ეს შესაძლებლობა მომეცა. დამატებით დროში შევედი და შემდეგ პენალტიც გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ წარმატებისა და დიდი კლუბის ისტორიის ნაწილი ვარ.
დიდებული გამოცდილება მივიღე. ბავშვებს უჩვენებს, რომ მზად უნდა იყვნენ სათამაშოდ, როცა არ თამაშობენ, რადგანაც ერთ დღეს, ერთ მატჩს, ხუთ წუთს, მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
თავიდან სისხლი მდიოდა, რადგან მე და ეშლი კოული ერთმანეთს შევეჯახეთ, მაგრამ მაშინ ამას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი, რადგან რონალდუს ვერ გამოყენებული პენალტის შემდეგ მე უნდა გამეტანა.
ბურთთან თავდაჯერებული მივედი, მაგრამ პეტერ ჩეხი სწორი მიმართულებით გადახტა და კინაღამ ამიღო. როცა დავინახე, რომ ბურთი კარში შევიდა, თავი კარგად ვიგრძენი", - განაცხადა ნანიმ.