თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2016, 20:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 9728,
კომენტარები: 4
ბახუსი
თავი XII
ბახუსი
რთულია კამათი იმის თაობაზე, რომ "იუნაიტედმა" ტრებლის მოგების შემდეგ თავისი წარმატება ვერ განავითარა, ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე მაინც. კლუბში ჩემი ყოფნის პერიოდში ეს ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო. მესმის, სატრანსფერო ფანჯარაზე გასვლა და ახალი ფეხბურთელების შეძენა რატომ არ იდგა დღის წესრიგში. ჩვენ ვიყავით ინგლისისა და ევროპის ჩემპიონები, ამავდროულად, ჩვენი დომინირების გამყარების შანსი გვქონდა, მაგრამ სულელურად გავუშვით ხელიდან.

კლუბს ისეთ მხრისხანე სახელებს უკავშირებდნენ, როგორებიც გაბრიელ ბატისტუტა და რონალდინიო არიან, მაგრამ არავინ გადმოსულა. ის, რომ კლუბი ძვირადღირებულ ფეხბურთელებს ზღაპრული თანხების სანაცვლოდ არ იღებს, მხოლოდ კლუბის სიძლიერეზე მეტყველებს. მაგრამ ნებისმიერ გუნდში აუცილებელია კონკურენცია, რათა ფეხბურთელები არ მოდუნდნენ. როიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზოგიერთი ძალიან მოდუნდა ტრებლის შემდეგ და, ალბათ, მართალიც იყო. ამისგან თავდაღწევა შეიძლებოდა, ჩვენთან რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი რომ გადმოსულიყო, რათა კონკურენცია გაგვეზარდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენც 9 წელი ლოდინი მოგვიხდა, სანამ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კვლავ მივიდოდით.

სტატისტიკა ნათლად ასახავს, რამდენად რთულია ბალანსის შენარჩუნება საშინაო ჩემპიონატში რბოლასა და ევროარენაზე წარმატების მიღწევას შორის. ჩემი საფეხბურთო კარიერის მანძილზე არცერთ გუნდს არ დაუცვია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული. ვერავინ მოიგო ზედიზედ ორჯერ ან სამჯერ, როგორც ადრე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ძალისხმევა დავიშურეთ.

მეკარის პოზიციასთან დაკავშირებულმა პრობლემამ ყველაზე ძლიერ აჩვენა ჩვენი რეგრესი. რამდენიმე რთული წელი გვქონდა პეტერ შმეიხელის წასვლის შემდეგ, რომელიც კლუბს სწორედ იმ ღამეს "კამპ ნოუზე" გამოემშვიდობა. ამ პოზიციაზე ჩვენი პრობლემები 6 წელს გრძელდებოდა, სანამ 2005 წელს ედვინ ვან დერ სარი არ გადმოვიდა.

პეტერის შეცვლა პირველად მარკ ბოსნიჩმა სცადა. და თუმცა ბოზისთან კარგი ურთიერთობა მქონდა, სხვებს არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებთ. "იუნაიტედის" მკაცრი რეჟიმისთვის ცოტა ზარმაცი იყო. პირველივე დღეს შევამჩნიეთ, რომ ჭარბი წონა ჰქონდა. მწვრთნელი მასთან გულახდილი იყო.

"ბოზი, შენს წონას რა უზამ?"

"ბოს, ისე გამოვიყურები, როგორც მომწონს".

"მაგრამ ისე არ გამოიყურები, როგორც მე მომწონს. გახდი".

არ ვამბობ, რომ ბოზი ბეჯითად არ შრომობდა, მაგრამ ისე არ ვარჯიშობდა, როგორც სხვები და მხოლოდ ინდივიდუალურ გარბენებს ამჯობინებდა სხვებთან ერთად დატვირთვას. უბრალოდ დაუჯერებელი ნიჭის პატრონი უნდა იყო, რომ ასე გამოეყო სხვებს და თვითნებურად იმოქმედო.

ტურნირის სათავეში ადგილს ვინარჩუნებდით, მაგრამ პეტერი გვაკლდა - როგორც ნებისმიერ სხვა გუნდს ჩვენს ადგილას - რადგან, ის უეჭველად მოხვდებოდა იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულში. მას ვერავინ შეედრებოდა, ჩვენ კი გვაკლდა არა მარტო მისი ოსტატობა, არამედ საიმედოობის გრძნობაც, რომელსაც მთელ გუნდს გადასცემდა.

ისეთ ტოპ-კლუბში, როგორიც "იუნაიტედია", უნდა თამაშობდეს ისეთი მეკარე, რომელსაც შეიძლება ენდო. ამაში კი ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც ნახევარ საათს უსაქმოდ იდგება და აზრადაც კი არ გაივლებს, რომ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს საქმეში. არაფერია იმ მეკარეზე სახიფათო, რომელსაც თამაშში ჩართვა სწყურია. ეს სურვილი მას განუსჯელს ხდის, ქმედებები კი- უგუნურია. ედვინს მხოლოდ უხაროდა, როცა 90 წუთის განმავლობაში თამაშში არ ერთვებოდა. გამონაკლისი იშვიათი უნარი.

ბოზის კი კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მერე მოვიდა ფაბიენ ბარტეზი, რომელსაც გაბრწყინების სურვილი ჰქონდა. მასიმო ტაიბისა და რიკარდოსაც სურდათ, ეჩვენებინათ, რომ პირველი ნომრის ტარების ღირსები იყვნენ. მაგრამ ნებისმიერ გუნდს, რომელსაც ტიტულის მოგება სურს, მაღალი დონის მეკარე სჭირდება.

მოედნის ფეხბურთელთა რიგებიდან 1999 წელს ჩვენთან მხოლოდ მიკაელ სილვესტრი და კუინტონ ფორჩუნი მოვიდნენ. მოკლევადიანი პერსპექტივისთვის ასეთი სუსტი გაძლიერება პრობლემა არ იყო, რადგან ქვეყნის პირველობაზე ყველას იოლად ვამარცხდებით. ძალიან იოლადაც კი, თითქოს მოწინააღმდეგეს ტანკივით გადავუვლიდით. არ იცოდნენ, ფსიქოლოგიურად როგორ დაპირისპირებოდნენ იმას, რომ მუდმივად ვუტევდით. ხუთ გოლს ვუგდებით "ნიუკასლს", ხუთს - "ევერტონს", შვიდს - "ვესტ ჰემს". ყველას გვსიამოვნებდა, განსაკუთრებით- ფორვარდებს, მაგრამ მაინც, ეს თანაბარი მოწინააღმდეგის არყოფნას ნიშნავს.

არადა, სპორტში მაღალი კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია და კონკურენტული რეჟიმიდან უკონკურენტოზე ასე უცებ ვერ გადაერთვები. სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ აღწევ, როცა საკუთარი თავისგან მაქსიმუმს იღებ. ტრებლის სეზონში ყოველ მატჩში რაღაცის დამტკიცებას ვცდილობდით. ფინიშის ხაზისკენ მთელი ძალით გავრბოდით. თითოეული შეხვედრა ჩვენი ცხოვრების გამოცდა იყო. მომდევნო მატჩი კი- უფრო დიდი გამოცდა. მაგრამ 1999/2000 და 2000/20001 წლების სეზონში ჩემპიონატი ისე ადვილად მოვიგეთ და ისეთი სხვაობით, რომ მოდუნებისგან თავდაღწევა შეუძლებელი იყო.

თუ ოდესმე შეიძლება მოგბეზრდეს ჩემპიონატის მოგება, ეს ტრებლის მოგებიდან მომდევნო 2 წელიწადში შეგვემთხვა. 1999/2000 წლების სეზონში "არსენალს" 18 ქულით ვაჯობეთ- სასაცილო სხვაობა, რომელიც ამტკიცებს, თუ რამდენად ჩამოგვჩებოდნენ ან რამდენად უკეთესი გუნდი გვყავდა. არასდროს, არც მანამდე, არც შემდეგ, ჩვენი ჩემპიონატი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა კონკურენციის მხრივ და ამის გამო ჩემს ფორმას ზიანი ადგებოდა. ჯერ კიდევ ვრჩებოდი კლუბისა და ნაკრების ძირითად ფეხბურთელად, მაგრამ თავს რაღაც ისე ვერ ვგრძნობდი.

მოულოდნელად, ტრებლის შემდეგ სეზონი ჩემი კარიერის მანძილზე ყველაზე საგანგაშო გამოდგა. ცხოვრებაში პირველად მქონდა ნამდვილი ჩავარდნა, რომლის კულმინაციად ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი იქცა- ჩემთვის, ჩემი ძმისა და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე სამწუხარო დიდი ტურნირი.

სეზონის პირველი რამდენიმე თვე საზარდულის ტრავმის გამო გამოვტოვე. თავი შემახსენეს ტრებლის სეზონის მატჩებმა. ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ძალიან მალე ინექციის დახმარებით გამოჯანმრთელებას ვცდილობდი, მაგრამ, როცა გუნდს სეზონის დასაწყისში დავუბრუნდი, ტრავმა თავს მაინც მახსენებდა. სეზონში მოგვიანებით გამოვედი და მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებით მოხარული ვიყავი და მეგონა, კარგ ფორმაში ვიმყოფებოდი, ვითარება ბრაზილიაში გამგზავრებამ შეცვალა.

იქ კონტინენტთაშორისი თასი თამაშდებოდა და ამ მგზავრობას დასაწყისშივე არ ეწერა კარგი დღე. ტურნირი ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩების პარალელურად გაიმართა და ჯერ კიდევ მაკვირვებს, "იუნაიტედს" ბრალს რომ სდებენ იმაში, თითქოს უძველესი ტურნირი სამხრეთ ამერიკაში გაფრენაში გაეცვალოს. სინამდვილეში, მწვრთნელმა მთელი გუნდი შეკრიბა და გვკითხა, გვინდოდა თუ არა ინგლისის თასზე მონაწილეობა სარეზერვო შემადგენლობით. ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხეთ: "დიახ, მოდი ვცადოთ". მაგრამ გადაწყვეტილება საფეხბურთო ასოციაციამ კლუბის ჩაურევლად მიიღო, რადგან იმ დროს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე აცხადებდნენ პრეტენზიას და FIFA-ს გულის მოგება სურდათ. გვირჩიეს, ბრაზილიის ტურნირზე გადაგვეტანა ყურადღება. ამ დროს ყველაფერი პოლიტიკაში გადაიზარდა, ამიტომაც ნუ დაადანაშაულებთ კლუბს.

და ჩვენ რიო-დე-ჟანეიროს მწველი მზის შესახვედრად წავედით. ეს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის პირველი იყო და მიუხედავად იმისა, რომ არც კი ვიცოდით, რა გველოდა, ეს მიზეზი ნამდვილად არ არის იმისა, რომ სუსტად ვიასპარეზეთ. პირველი თამაში, რომელშიც ბექსი მოედნიდან გააძევეს, ყაიმით დასრულდა მექსიკური კლუბის "ნეკაქსის" წინააღმდეგ. შემდეგ კი ყველაფერი გართულდა. მეორე მატჩში "ვასკო და გამასთან" 3-1 წავაგეთ და ეს მატჩი "იუნაიტედში" ჩემი ყოფნის პერიოდში ყველაზე ცუდი გამოდგა.

პირველი გოლი ჩემი ბრალი იყო- საშინელი პასი გავაკეთე უკან და პირდაპირ ედმუნდოს ჩავაბარე ბურთი, რომელმაც რომარიოს მიაწოდა, მან კი ანგარიში გახსნა. დიდებული ბრაზილიელი ფორვარდები ასეთ საჩუქარს არ გამოტოვებდნენ. მოგვიანებით კიდევ ერთი შანსი მივეცი, როცა ბურთი შორს გავუშვი პირდაპირ რომარიოსკენ, შეტევის ერთ-ერთ საუკეთესო დამსრულებლისა და შესაძლოა, საუკეთესო მოთამაშისკენ, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. ორი გოლი, ორივე დაცვაში დაშვებული საშინელი შეცდომის გამო და ორივე შეცდომა მე დავუშვი.

თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მატჩის შემდეგ სქოულზმა შეტყობინება გამომიგზავნა და ხასიათი გამომიკეთდა. მას ტრავმა ჰქონდა, ამიტომ მატჩს ტელევიზორის საშუალებით ადევნებდა თვალს და მომწერა: "ფიასკო და გამა".

სხვებმა ტურნირიდან ნაადრევად გავარდნის შემდეგ გონს მოსვლა სცადეს და რიოს მზეს მიეფიცხნენ. ჩვენს განკარგულებაში რამდენიმე დღე იყო დასვენებისა და იმის დამტკიცებისთვის, რომ ყოველგვარ უსიამოვნებაზე მაღლა ვდგავართ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით გამოუვიდათ ბატისა და კინოს, რომლებმაც "შაქრის თავის" მთაზე დელტაპლანით იფრინეს. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ციდან მათი ყვირილის ხმა მესმოდა და ეს ორი უგუნური ზეცაში გამოკიდული დავინახე. მწვრთნელი აუზთან სიცხისგან ჩაძინებული იწვა.

"იმედი მაქვს, რომელიმე ჩემი ბიჭი არ არის", - ჩაილაპარაკა მან.

სიცილი დავიწყე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს ერთადერთი გასართობი იყო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის, როცა ბურთს ვეხებოდი, ვიცოდი, სად მიმეცა პასი, საით გავქცეულიყავი, რათა გუნდის თამაში არ შემეყოვნებინა. მაგრამ იმ მატჩის შემდეგ, ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე: "რა ვუყო?" იყო მატჩები, რომლებშიც უბრალოდ საფინალო სასტვენის ხმის გაგონება მინდოდა. ადრეც მქონია მსგავსი უცნაური მატჩები, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში თვეებისა და კვირების მანძილზე.

ამის გამო ძალიან ვდარდობდი, მოედანზე ვიდექი და ვფიქრობდი: "აი, რას ნიშნავს ნერვიულობა, აი, რა გავლენა აქვს შეცდომას". და წარმოდგენა არ მქონდა, ამას როგორ შევებრძოლებოდი. ჩემს ცხოვრებაში პირველად დადგა მომენტი, როცა მოკლე პასის მიცემისასაც კი ეჭვი მეპარებოდა საკუთარ თავში.

სტივ მაკლარენმა სპორტული ფსიქოლოგი ბილ ბესვიკი მოიწვია, რომელიც "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად უნდა გასაუბრებოდა. ბილთან დალაპარაკება გადავწყვიტე- ერთადერთი შემთხვევა, როცა დახმარებისთვის ფსიქოლოგს მივმართე.

ბილი კარგი ადამიანი აღმოჩნდა და დამამახსოვრდა ერთი რჩევა, რომელიც სხვა მოთამაშეებსაც გავუმეორე: თუ სპორტში დიდხანს ყოფნას აპირებ, ასეთ ჩავარდნებს უნდა შეეგუო. ამისთვის მზად უნდა იყო, ალყაში არ უნდა მოექცე. მესმოდა, რომ ბილი სიმართლეს ამბობდა, მიუხედავად ამისა, დრო მჭირდებოდა პრობლემასთან გასამკლავებლად. მისი კაბინეტის დატოვებისას თავს უკეთ ვგრძნობდი, მაგრამ მერე მოედანზე გავდიოდი და თავდაჯერებულობა მაკლდა, ჩემს დონეზე ვერ ვთამაშობდი.

თამაშებისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი, მაგრამ ამას თავს ვართმევდი, რადგან ჩვენი გუნდი ინგლისურ მოედანზე თვალისმომჭრელი სხვაობით იგებდა. ბრაზილიაში წასვლისას სატურნირო ცხრილში დანარჩენებს ძალიან ვაჭარბებდით, სიტუაცია კი არც ჩვენი დაბრუნების შემდეგ შეიცვალა.

ინგლისში საუკეთესო გუნდი ვიყავით და ჩვენი ნებისმიერი მეტოქე ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ევროარენაზე დამარცხებამ შოკში ჩაგვაგდო. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის "რეალთან" შეხვედრისას კარგი საგოლე სერია გვქონდა: ზედიზედ 11 მატჩში გაგვქონდა გოლი და ჯამში სულ 37 გავიტანეთ.

როგორღაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" უფრო ღირსეულად ვითამაშე, მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა. მწვრთნელს კი არც მორიდებია და იმ ფეხბურთელთა სიაში შემიყვანა, რომლებმაც, მისი აზრით, კარგად ითამაშეს. ნიშნავდა ეს ჩემი კრიზისის დასასრულს? ოღონდაც.

"ოლდ ტრაფორდზე" საპასუხო შეხვედრაში კოშმარები გაგრძელდა. შორეული გადაცემა, რომლის ჩაჭრაც პაბის ნებისმიერ მამაკაცს შეეძლო, თავზე გადამახტა, რობერტო კარლოსმა კი მორიგი შეტევა დაიწყო. რა ხდებოდა ჩემს თავს? ნახტომიც კი ვერ გავთვალე სწორად.

საპასუხო შეხვედრაში სტადიონზე არსებული ატმოსფერო დამუხტული იყო, მაგრამ "მადრიდმა" ნაკუწებად გვაქცია, ერთ საათში 3 გოლი გაგვიტანა- კინოს ავტოგოლი და რაულის დუბლი. რედონდომ დაუჯერებელი ფინტით მოატყუა ჰენინგ ბერგი გვერდით ხაზთან. ოსტატობის ნიმუში იყო, მაგრამ ეს ზონა მე უნდა დამეზღვია. ფორმაში რომ ვყოფილიყავი, დავაზღვევდი კიდეც.

ჩვენ ბექსისა და სქოულზის გოლებით ვუპასუხეთ, მაგრამ ჩვენი ევროპული გვირგვინი სხვის ხელს ერგო. და ძალიან სუსტი ნუგეში იყო ის ფაქტი, რომ "მადრიდი" ძალიან კარგი გუნდი იყო და მოგვიანებით ტიტულიც მოიგო. მივხვდით, რომ მოთამაშეები გვჭირდებოდა, მსოფლიო დონის ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილად გააძლიერებდნენ გუნდს. ძლიერი ფეხბურთელების შეძენის სურვილის უქონლობის გამო სამაგიერო მოგვეზღო.

"რეალთან" წაგებიდან სამი დღის შემდეგ "საუთჰემპტონს" ვესტუმრეთ და 3-1 მოვუგეთ, ჩემპიონობა კი 4 ტურით ადრე გავიფორმეთ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამან ძალიან გამახარა. კარინგტონის სავარჯიშო მოედანზე გადაღებულ ფოტოზე ასახულია ყველა, ვინც გამარჯვებას ზეიმობს. სხვებთან ერთად დავხტოდი, რათა აღტაცება გამომეხატა. სინამდვილეში, სულში სიცარიელეს ვგრძნობდი. გასულ სეზონში მოპოვებული სამი თასი ერთ წელიწადში ერთად იქცა. კერძოდ ჩემი თამაში კი უკეთესის სურვილს ტოვებდა. ეს ოქროს სეზონის შემდეგ მხოლოდ თავისებურ ბახუსს მივაწერე.


***
მაშინ, როცა ჩემს პრობლემებს ვებრძოდი, ბექსს მწვრთნელთა უთანხმოება ჰქონდა. ჯგუფი Spice Girls უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა, რის გამოც ბექსის სახელმა ახალ სიმაღლეს მიაღწია.

ბექსი და ვიქტორია 1999 წელს დუბლინის მახლობლად დაქორწინდნენ, მე მისი მძღოლი ვიყავი, რის გამოც ვნერვიულობდი. მართლა, ვფიქრობდი, რომ მანამდე ასე არასდროს მინერვიულია. არასდროს გამოვსულვარ სიტყვით აუდიტორიის წინაშე და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა მხოლოდ ქორწილის სტუმრების წინაშე უნდა წარმომეთქვა, ვიცოდი, რომ ჩემი ყოველი სიტყვა გაზეთში მოხვდებოდა. რომ ჩავფლავებულიყავი, პირველ გვერდზე მოვხვდებოდი და ყველა დამცინებდა.

სიტყვა მე თვითონ დავწერე ქორწილის წინა ღამეს, მაგრამ ქორწინების ორგანიზატორმა, პერეგრინმა გადაიკითხა. მომწონდა ის ხუმრობები და მინიშნებები, რომლებიც სიტყვაში შევიტანე, მაგრამ პერეგრინმა ჯორჯ მაიკლის ტუალეტის ხუმრობა უადგილოდ მიიჩნია. ეს უკანასკნელი მცირე ხნის წინ გამოტყდა ჰომოსექსუალიზმში და შესაძლოა, ასე უკეთესიცაა. დავტოვეთ ხუმრობა, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" მთელ შემადგენლობას გააცოფებდა: "რომელი გოგო არ ისურვებდა მამაკაცს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ მაინც მეორემ გაათავა?" დიახ, მაშინ გვეცინებოდა.

ბექსს უყვარს ქორწილის მეორე დილით ჩემი პოვნის ამბავის მოყოლა: უზარმაზარი სარკის წინაშე დეზოდორანტის ფლაკონით ხელში ვიდექი და ისე მეჭირა, თითქოს მიკროფონი იყო. ყველაფერი სწორედ ასე იყო.

თვით ჯვრისწერის ცერემონია შესანიშნავი ღონისძიება გამოდგა. პატარა ჰოლში ჩატარდა ოცდაათამდე ოჯახის წევრისა და ახლობლის თანდასწრებით. ცერემონია ძალიან ემოციური გამოდგა, ცრემლი ღვარად მოედინებოდა. შემდეგ დიდ სასადილო დარბაზში შევიკრიბეთ და ჩემი დიდი მომენტიც დადგა. შთაგონებამ ფრთები შემასხა და ვიქტორიას ფატა ვთხოვე. მასში მოსილი დევიდი გაზეთში მოხვდა, ამიტომ სცენაზე გასვლის წინ მოვისხი. სიცილი და ხუმრობები გარანტირებული იყო.

დევიდის უახლოესი ადამიანები იყვნენ ისინი, ვისაც დიდი ხანია იცნობდა- მე, დეივ გარდნერი და ტერი ბერნი, ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი მასაჟისტი, რომელიც შემდეგში მისი პირადი მენეჯერი გახდა. ბექსის ყველა მეგობარი ქორწილზე იმყოფებოდა, მაგრამ ვიქტორიას მხრიდან პოპ-ვარსკვლავებიც დაპატიჟეს. მოვლენამ საზოგადოების უდიდესი ყურადღება მიიპყრო.

2000 წლის თებერვლის ერთ დილას ბექსმა კლუბში დარეკა და გამოაცხადა, რომ ვარჯიშზე დააგვიანებდა. ამბობდა, რომ ავადმყოფი ბრუკლინისთვის უნდა მიეხედა. მაგრამ წინა ღამით ვიქტორია წვეულებაზე ნახეს და მწვრთნელმა ივარაუდა, რომ ბექსი შვილთან მარტო იჯდა. როცა ბექსი ვარჯიშზე მოვიდა, ბოსმა უკანვე მიაბრუნა.

შემდეგ ბექსი "ლიდსთან" მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნდა წამოსულიყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამზეც კი არ აღმოჩნდა. მატჩს ტრიბუნებიდან აკვირდებოდა- რაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა: "ელანდ როუდზე" გადაღებული ყველა ფოტო ბექსის უკმაყოფილო სახეს აფიქსირებდა.

იმ მატჩის შემდეგ მალე გავემგზავრეთ ნაკრებში. ოთხშაბათს "უემბლიზე" არგენტინის ნაკრებს უნდა შევხვედროდით. როგორც მინიმუმ, რამდენიმე დღე გვქონდა იმისათვის, რომ გარემოება შეგვემსუბუქებინა და მე და ბექსმა სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის ძიება დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, რომ შემრიგებელი მე უნდა ვყოფილიყავი.

ხუთშაბათს კლუბში რომ დავბრუნდით, სტივ მაკლარენს ვესაუბრე.

"მისმინეთ, ბექსს ველაპარაკე, მწვრთნელთან შერიგება სურს, მაგრამ, მგონია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა დავეხმაროთ".

შეხვედრის მოწყობა გადავწყვიტეთ- მე, სტივი, ბექსი და ბოსი. ყველაფერი რომ კარგად დასრულებულიყო, დაპირებების А4 სია დავწერე, რომელიც უნდა დაეცვა. მწვრთნელისთვის ქალაქგარეთ გასვლები და მასთან დაკავშირებული ქმედებები ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, ამიტომაც დავწერე, რომ ბექსი მატჩამდე სამი დღით ადრე ლონდონში არ წავიდოდა, რომ მწვრთნელს თავის გადაადგილებებს მოახსენებდა და რომ თავის მგზავრობას შეზღუდავდა. ვიცნობდი რა ბოსს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ქაღალდს ყუთში შეინახავდა.

შეხვედრა მშვიდად, ყველასთვის სასურველ გარემოში შედგა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შეთანხმდნენ, რომ ამ ინციდენტს აღარ გაიხსენებდნენ. მწვრთნელი სულელი არ იყო- ბექსი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ვინგერი პლანეტაზე და ნამდვილი საქმის ჭია. ბექსი კი იმყოფებოდა თავისი ოცნების კლუბში, ტიტულის მოგების შანსი ყოველ წელს ჰქონდა. რა თქმა უნდა, უნდა შერიგებულიყვნენ.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
4 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
25 მარტი 2016 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
"რომელი გოგო არ ისურვებდა მამაკაცს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ მაინც მეორემ გაათავა?'' აქ მაგრა გაურჭო ბაიერნს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: RojoDiablo
26 მარტი 2016 10:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჯერჯერობით სულ იმ პერიოდზე ლაპარაკობს, რასაც "არ მოვსწრებივარ", ამიტომ მთლად კარგად ვერ ვხვდები რაზე და რატომ ლაპარაკობს. ცოტა უფრო ზევით რომ ამოვა, ის უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 მარტი 2016 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როგორც წინა თავები ეს თავიც ძალიან საინტერესო იყო რა თქმა უნდა. შმეიხელის წასვლა შეუძლებელი იყო, რომ გუნდს არ დასტყობოდა და ალბათ გარკვეულწილად ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ ტრებლის მერე მხოლოდ ჩემპიონატი მოვიგეთ. რაც შეეხება ბექემს, აი ბექემი ჩემთვის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა დონეზე იდგა სელ ალექს ფერგიუსონი და როგორ მიაღწია იმას რასაც მიაღწია. მე მესმის და მეც მათ შორის ვარ, ვინც ბექემი ძალიან უყვარს, ანდა როგორ შეიძლება, რომ მანჩესტერის გულშემატკივარს ბექსი არ გიყვარდეს, მაგრამ ბექემს ზუსტად, რომ შეესრულებინა ფერგის დარიგებები პირადად ჩემთვის არავისზე დაბლა არ იდგებოდა. ვიცი ეს ბევრს არ მოეწონება, მაგრამ დღეს ჩემთვის სქოულზი, გიგზი, ნევილი-უფრო მაღლა დგანან ვიდრე ბექემი. არა იმიტომ, რომ ისინი ბექემზე მაგრად თამაშობდნენ არა რა თქმა უნდა, უბრალოდ მათ მხოლოდ ბურთი და გუნდი ადარდებდათ და არა თავიაანთი ვარცხნილობა. ფერგი არ დაუშვებდა, რომ მასზე მაღლა ვინმე მდგარიყო და შემდეგ სწორედ მოხდა ის რაც მოხდა. ბაბუ პირველ რიგში დისციპლინას მოითხოვდა ფეხბურთელებისგან და ვინც არ შეასრულებდა მის დავალებას თუნდაც ეს ყველაზე მაგარი ბექემი ყოფილიყო იქ კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
26 მარტი 2016 11:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
99 წლის სეზონის მერე მაგარი უიღბლოდაც წარიმართა ჩვენთვის ლიგა. ყველაზე დიდი პრობლემა მეკარე იყო ალბათ

ბარტეზის ვაჟკაცობები ლეგენდებად იქცევა. მართალია ბოლოსკენ მოვესწარი მაგის ეპოქას მარა საკმარისი იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top