ხუან მატამ განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაშით.
"იუნაიტედს" 34 წლის ფორვარდს აქტიურად უკავშირებენ და როგორც მოსალოდნელია, შვედი თავდამსხმელი თავის ამჟამინდელ კლუბს, პსჟ-ს დატოვებს.
მატამ თავისი შესაძლო პარტნიორის შესახებ განაცხადა: "არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებს. ისიც კი არ ვიცი, პსჟ-სთან კონტრაქტს ამოწურავს და წავა თუ დარჩება.
იქნებ თავის ხანგრძლივ კარიერაში ახალი გამოცდილების მიღება ისურვოს. ზლატანი ძალიან ბევრ ქვეყანაში თამაშობდა და ძალიან ბევრი ტიტული მოიგო. ეს მის დონეზე მეტყველებს.
იბრაჰიმოვიჩი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მე კი მომწონს კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში. თუმცა ამას მე არ ვწყვეტ, ეს მისი და კლუბის გადასაწყვეტია.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ნებისმიერი ფეხბურთელი ბედნიერი იქნებოდა მასთან ერთად თამაშით".