მაიკლ კერიკს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ სიტის" დამარცხება მისი გუნდისთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამი ქულა.
მარკუს რეშფორდის მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლით "იუნაიტედმა" კონკურენტი "სიტი" დაამარცხა და ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.
"ვფიქრობ, ეს უფრო მეტია, ვიდრე სამი ქულა. პოზიცია, რომელსაც ჩემპიონატში ვიკავებთ, ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოსაგები მატჩი იყო. სანაკრებო შესვენებამდე სამი ქულა უნდა აგვეღო, რათა ბიძგი მოგვცემოდა და დაბრუნებულებს რაღაცისთვის გვებრძოლა", - განაცხადა კერიკმა. "ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მარკუს რეშფორდმა კი დიდებული გოლი გაიტანა- დაუჯერებელი შესრულება. დასასრულისკენ ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ მაინც ყველგან ვმოქმედებდით. გრძელი და რთული კვირა გვქონდა, მაგრამ დავძლიეთ და დიდებულ შედეგს მივაღწიეთ და ხუთშაბათის საღამოს შემდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ".
სანამ "იუნაიტედი" სეზონის გადამწყვეტ ნაწილში შევა, 2-კვირიანი სანაკრებო პაუზის შედეგად საკლუბო ტურნირები დროებით შეწყდება.
"რამდენიმე დიდებული მატჩი გვაქვს ჩემპიონატში და თასზეც. ეს კი ჩვენთვის მოტივაციაა სეზონის ფინალურ ნაწილში შესვლისთვის".