"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა "ლივერპულთან" მატჩის შემდგომ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
"კმაყოფილი არ ვარ. ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ- მათ ყველაფერი გაიღეს. მოხარული ვიყავი იმითაც, რომ გულშემატკივარმა ეს აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროპის ლიგიდან გავვარდით. საოცარი იყო, მე ვფიქრობ.
დიდი განსხვავება ის არის, რომ პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანეს გოლი. ცდილობ, ფეხბურთელები იმედგაცრუებას განარიდო, მაგრამ იცი, ფანებმაც იციან, ყველამ იცის, რომ სამი გოლი გაქვს გასატანი და ეს ძალიან ძნელია", - განაცხადა ვან გაალმა.
როცა ჰკითხეს, რატომ ამჯობინა მოედანზე ანტონიო ვალენსიას, მატეო დარმიანისა და ბასტიან შვაინშტაიგერის შეყვანა ნაცვლად ისეთი შემტევი ფეხბურთელისა, როგორიც მემფის დეპაია, ვან გაალმა უპასუხა: "მატჩის შემდეგ ყოველთვის ადვილია ლაპარაკი, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდა. მერე ყველა შეცვლას ცალკე განიხილავ, მაგრამ წინასწარ ხომ არასდროს იცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მე კი ფეხბურთელები დაღლილობის გამო უნდა შემეცვალა.
როცა შვაინშტაიგერი შემოვიდა, ორი ცვლილება უკვე განხორციელებული მქონდა და მხოლოდ ერთი დამრჩენოდა, ჩემი ცვლილება კი იმაში მდგომარეობდა, რომ მთელ მოედანზე ერთს ერთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, წინ ფელაინი უნდა წასულიყო, ალბათ, გახსოვთ, რომ მას მომენტი ჰქონდა- ერთი თავური და ერთიც ფეხით დარტყმული. ასე რომ, არცთუ ცუდი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რომ გაეტანა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა".