როი კინმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშით უკმაყოფილება არ დამალა და "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელები გააკრტიკა.
ევროპის ლიგიდან გავარდნის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ორ ტურნირზე შემორჩნენ, ტიტულის მოგების რეალური შესაძლებლობა კი მხოლოდ ინგლისის თასზე აქვთ, რადგან პრემიერ ლიგაში მხოლოდ მე-6 ადგილზე იმყოფებიან.
"იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა მატჩის შემდგომ განაცხადა: "მართლა ვწუხვარ იმის გამო, რასაც "იუნაიტედში" ბოლო ერთი თუ ორი წელია ვხედავ. თითქოს უცხოტომელთა ჯგუფი შეყრილიყოს ერთად. როცა "იუნაიტედში" ვთამაშობდი და მის მაისურს ვირგებდი, ყოველთვის 10-ფუტის სიმაღლეზე ვიდექი.
მაგრამ, როცა ამ ფეხბურთელებს უყურებ, ზოგიერთი მათგანისთვის თითქოს სულერთია მაისური და არავითარ ზეწოლას არ გრძნობენ. თუ "იუნაიტედში" თამაშობ, ზეწოლას და მოლოდინს უნდა გაუმკლავდე, ეს ფეხბურთელები კი იტანჯებიან.
ვიცი, ტრავმირებულები ჰყავთ. ამან აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უეინ რუნი ამ კლუბისთვის. ლიდერებს ვეძებ. სად არიან ლიდერები ამ გუნდში?
"ლივერპულს" 5-6 გოლის ადვილად გატანა შეეძლო. თავი და გონება უნდა გამოიყენო. სწორედ ამაში ვლინდება ხასიათი და ლიდერობა, ამას კი ვერ ვხედავთ".