"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი აღიარებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შექმნილი ატმოსფერო მისი გუნდის წარმატების მიღწევაში დიდ როლს ითამაშებს, ფეხბურთელებმა კი ფანებს ამაგი შედეგის მიღებით უნდა გადაუხადონ.
"წითლებს" 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ "ლივერპულის" წინააღმდეგ, რათა ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ.
ვან გაალმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გულშემატკივართა მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"გულშემატკივრების წინაშე დიდი შედეგით ვართ დავალებულნი, რადგანაც ისინი ამის ხილვისთვის იხდიან ფულს და ჩვენ უნდა მივცეთ. შედეგები, რომლებსაც წელს ვაჩვენებთ, არ არის ის, რასაც ისინი ჩვენგან ელიან, მაგრამ მაინც უჭერენ მხარს გუნდსაც და მწვრთნელსაც. მათი მხარდაჭერა გვჭირდება- გავლენა, რომელსაც ისინი ახდენენ, უდიდესია, როგორც ეს "ენფილდზე" იყო".
დღევანდელი შეხვედრა 150-ე მატჩი იქნება ვან გაალისთვის ევროპის მასშტაბით. მაგრამ "აიაქსის", "ბარსელონას", "ალკმაარისა" და "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მას სტატისტიკა სხვა კუთხით უფრო აინტერესებს.
"თქვენ ყველა სტატისტიკა იცით, მე კი - არა. MUTV-ს მივეცი ინტერვიუ და მათ უკვე მითხრეს, რომ 150-ე მატჩი იქნებოდა - ბევრია, ჰეი!? იცით, რამდენი მათგანი მოვიგე? ეს უფრო მნიშვნელოვანია".