პოლ სქოულზმა კატეგორიულად უარყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხშირი კრიტიკა ლუი ვან გაალისადმი პირადი დამოკიდებულებით არის გამოწვეული.
ტელეანალიტიკოსის როლში ლეგენდარულ ფეხბურთელს არაერთხელ გაუკრიტიკებია ლუი ვან გაალის გუნდის თამაში, შედეგები და ფეხბურთელები.
სქოულზმა "ლივერპულთან" მატჩის წაგების შემდეგ "იუნაიტედის" თამაშს ქაოსური უწოდა, მის კრიტიკულ აზრს კი მხარი დაუჭირა კიდევ ერთმა ყოფილმა "წითელმა ეშმაკმა", რიო ფერდინანდმა.
როცა United We Stand-მა სქოულზს ჰკითხა, ვან გაალისადმი პირადი დამოკიდებულება და ბოღმა ხომ არ იყო ხშირი კრიტიკის მიზეზი, მან უპასუხა: "რა სი***ბას ამბობთ. ყველაფერი, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი, სხვა არაფერია, თუ არა იმის თქმა, რასაც მოედანზე ვხედავ, იქნება ეს კარგი თუ ცუდი.
ვან გაალის შემთხვევაში ხდება ის, რომ ყველაფერი, რასაც იგი კითხულობს და ჩემ მიერ ნათქვამი ყველაფერი, რაც იბეჭდება, მხოლოდ ნეგატიური შინაარსისაა.
არადა, არის დრო, როცა პოზიტიური ვარ. ამის საუკეთესო მაგალითად დავასახელებ პსვ-სთან გასვლაზე წაგებულ მატჩს, რომელშიც კარგად არ გვითამაშია, მაგრამ მე ვხედავდი, რომ "იუნაიტედის" სტილში რაღაც მაინც ხდებოდა.
ამაში კი ვგულისხმობ იმას, რომ ორი ვინგერი გვყავდა - ჩემი აზრით - ეშლი იანგი და მემფისი.
მაგრამ, როცა მხოლოდ ჩემს ნეგატიურ კომენტარებს შეკრებთ, ყველაფერი უფრო ცუდად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეში არის.
ეს არ არის რეჟიმი, რომელსაც ვიცავ, მე მხოლოდ სათამაშო სტილს ვაკრიტიკებ".