"ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩები ყოველთვის განსაკუთრებული იყო ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ახლა კი ამ გუნდებს ოთხი დღის შუალედში ვეთამაშებით. ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გველოდება: შანსი გვაქვს, ევროპის ლიგის პირველ მატჩში ნაჩვენები უსიამოვნო შედეგი შემოვაბრუნოთ და პრემიერ ლიგაში ჩვენს ერთ-ერთ კონკურენტთან ჩამორჩენა შევამციროთ. ამიტომ, დღეიდან ამ ორი მატჩის წარმატებით ჩატარებაზე ვართ კონცენტრირებულნი. თუმცა გვესმის, რომ ჩვენ წინაშე რთული დავალებაა. დიდი მატჩების განსაკუთრებული ატმოსფეროს დაბრუნება უნდა ვცადოთ და ვაჩვენოთ, რომ თასების მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია. მეტიც, ენტონის მიერ გატანილი გვიანდელი გოლის წყალობით "უემბლიზე" მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. იძულებული ვიყავი, დისკვალიფიკაციის გამო მატჩისთვის ტრიბუნიდან მედევნებინა თვალი, რაც ერთობ უჩვეულო სიტუაციაა ჩემთვის... მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა და ახლა, ყაიმის შემდეგ "ვესტ ჰემთან" სტუმრად გადათამაშებაზე მივემგზავრებით, სადაც უპირატესობა მათ მხარეს იქნება, მაგრამ იქ იმ რწმენით ჩავალთ, რომ გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. ვნახეთ, როგორ გამოთიშეს ტურნირს "არსენალი" და "ჩელსი", მაგრამ მაინც გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ მოგებას თასისა, რომელიც ბოლო წლებში არ გვრგებია.
რაც შეეხება ევროპის ლიგას, ხუთშაბათს კარგად უნდა დავიწყოთ და ინტენსიურად ვიმოქმედოთ. ჩვენთვის ეს მატჩი ფინალის მსგავსია. "ქამბექი" გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრაფორდზე" შექმნილი ატმოსფერო ბიძგს მოგვცემს, რათა წინსვლასა და გამარჯვებაში დაგვეხმაროს. "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებული ჩვენი ბოლო თამაშები ძალიან სანახაობრივი გამოდიოდა. იყო ლამაზი გამარჯვებებიც და ჩვენ გვინდა, გულშემატკივრებს კიდევ ერთი ვაჩუქოთ. პირველ მატჩში გვაჯობეს, მაგრამ ვიმეორებ: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ლიგის ეს საღამო დაუვიწყარი გახდეს. ყველას ერთად ამის გაკეთება შეგვიძლია.
მადლობას გიხდით სეზონის გადამწყვეტ მონაკვეთში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით, ხუანი.
P.S. მინდა, პსჟ-ს მადლობა გადავუხადო საფრანგეთის ჩემპიონატში ასე ნაადრევად გამარჯვება. მათ დიდებული გუნდი ჰყავთ, რომელთა რიგებში არიან ნიჭიერი ფეხბურთელები. ასევე მინდა, ინგლისის რაგბის ნაკრებს მივულოცო ექვსი ერის თასის მოგება. როცა ინგლისში ის-ის იყო გადმოვდიოდი, სპორტის ამ სამეფო სახეობის შესახებ ბევრი რამ გავიგე.
თანაგრძნობას გამოვხატავ კოტ დ'ივუარსა და თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო. ხანდახან უბრალოდ არ მესმის, როგორ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა ასეთი რამ... იმედი მაქვს, ოდესმე დადგება მშვიდობიანი დრო, როცა არ იქნება ეს შეტევები.
მატას ბლოგი
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.